ყურძენირთველის პროცესი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 19 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  43,6 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 21 ათასი ტონა რქაწითელი, 20 ათასი ტონა საფერავი,  1,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სამინისტროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი  და 5 716 ტონას მიაღწია.  კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.  ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 37,6  მლნ-მდე ლარი მიიღეს.

“გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 15,7  ათასი ტონა, ყვარელი – 10,6  ათასი ტონა, თელავი – 8,6 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი –  600 ტონა, საგარეჯო –  488 ტონა და ახმეტა –  292 ტონა.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 144 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 59 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე  – 0,45 ლარი;

საფერავზე –  1 კგ-ზე – 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე –  1 კგ-ზე – 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(Visited 41 times, 1 visits today)

კომენტარები