საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს უნივერსიტეტის ლექტორმა, ზაალ მიქაძემ განუცხდა, მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
„უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური საბჭოს 5 წევრი კანონის დარღვევით აირჩიეს. ჩვენი მოთხოვნაა, მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები. ამისთვის მათ ვაძლევთ სამ სამუშაო დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი აქციები გაფართოვდება, გაიზრდება მოშიმშილეთა რაოდენობა და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს“, – განაცხადა ზაალ მიქაძემ.
ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს აქციის გამართვა იგეგმებოდა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით სიტუაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჩარევამ განმუხტა.