ირაკლი ბაკურაძე და მარი კორინთელი ის ადამიანები არიან,რომლებმაც წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ დაარსეს. მათ ამავე სახელწოდების გამომცემლობაც აქვთ და გეგმავენ, რომ თბილისშიც დაარსონ „წიგნები ბათუმში“.

მათ ოცნება რეალობად გადააქციეს, აბსტრაქტული იდეა ბიზნეს-იდეა გახდა და დაიწყეს წიგნების მაღაზიის კონცეფციაზე მუშაობა. მაღაზია გარდა წიგნებისა მომხარებელს კაფეც დახვდება,თუმცა მას მხოლოდ სეზონური დატვირთვა აქვს. ეწყობა რეგულარული ღონისძიებები ბავშვებისთვის, იმართება გამოფენები და პრეზენტაციები.

მაღაზიის შესახებ დეტალებზე „თბილისი თაიმსს“ მარი კორინთელი გაესაუბრა ბათუმიდან.

წიგნები ბათუმშისაიდან გაჩნდა იდეა, რომ შეგექმნათ წიგნების მაღაზია და რამდენად რთული იყო თქვენთვის მისი განხორციელება, რატომ დაარქვით „წიგნები ბათუმში“?

– ეს იდეა, უფრო ოცნებას დავარქმევდი, მე და ირაკლის, ჩემს მეუღლეს, მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მერე, როცა ჩვენი გზები გადაიკვეთა და საერთო მომავალზე ავლაპარაკდით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ცხოვრების უდიდესი სურვილი ერთმანეთს დაემთხვა. რაღაც ეტაპზე ორივემ გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება გვენდომებოდა.

მაშინ თბილისში ვცხოვრობდით. ირაკლი ბათუმიდანაა, ბევრი ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ისეთი მაღაზია, როგორიც ჩვენ გვინდოდა, ბათუმს უფრო მეტად აკლდა და სჭირდებოდა, ვიდრე თბილისს. მერე მივიღეთ რთული გადაწყვეტილება: დავტოვეთ თბილისში ყველაფერი და ბათუმში ახალი ცხოვრება დავიწყეთ.

სათაურზე ბევრი ვიფიქრეთ, უამრავი ვარიანტი განვიხილეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს ავარჩიეთ იმიტომ, რომ არის მარტივი, ბათუმთან ასოცირებული, ჩანს წიგნებიც და ბათუმიც, სხვა არაფერში აერევა ადამიანს და რაც მთავარია, შინაურული და დასამახსოვრებელია, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი მაღაზია.

როგორი ჟანრის ლიტერატურის შეძენას შეძლებს მკითხველი თქვენს მაღაზიაში?

– ჩვენთან უფრო მხატვრული ლიტერატურაა წარმოდგენილი, საბავშვო ლიტერატურაზე დიდი აქცენტით. ყველა ჟანრის წიგნი გვაქვს, ყველაფერი, რაც კი ქართულ წიგნის ბაზარზე არსებობს, ყველა გამომცემლობის წიგნები. გვაქვს სპეცლიტერატურაც. ჩვენთან უცხოენოვანი წიგნების განსაკუთრებით დიდი არჩევანია.

საქართველოში წიგნების მაღაზიები ბოლო დროს მომრავლდა, რა უპირატესობები აქვს თქვენს მაღაზიას, სხვა მაღაზიებთან შედარებით და კონკურენციის მხრივ, ბათუმში რა მდგომარეობაა?

– ჩვენი მაღაზიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თითოეულ აქ მომუშავე ადამიანს უზომოდ უყვარს თავისი საქმე და ადგილი, სადაც მუშაობს. ეს სიყვარული ყველაფერში იგრძნობა. ჩვენთან უბრალოდ წიგნს კი არ ყიდულობს მკითხველი, არამედ ერთვება საინტერესო საუბარში, მსჯელობაში, იძენს მეგობრებს, იქვე ჯდება და კითხულობს, იღებს გამოსადეგ რჩევებს… ჩვენთან ისეთ წიგნს არავინ გირჩევთ, რაც აქ მომუშავეებს თავად არ გვაქვს წაკითხული, ამისთვის თითქმის ყველაფერს ვკითხულობთ, ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს… კიდევ ღიმილი და გულითადი განწყობა გამოგვარჩევს, ამას ყველა აღნიშნავს. გვაქვს წიგნების უდიდესი არჩევანი, ჩვენთან თითქმის ყველაფრის შოვნაა შესაძლებელი. ძალიან ვცდილობთ, უცხოენოვან წიგნებზე მუდამ გვქონდეს აქცენტი.

ბათუმში ძალიან კონკურენტული გარემოა, აქ უამრავი წიგნის მაღაზიაა. აი, ახლაც ამ პატარა ქუჩაზე, რომელზეც ჩვენი მაღაზია მდებარეობს, 4 წიგნის მაღაზია ფუნქციონირებს. ბევრს ეს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენთვის ყოველი წიგნის მაღაზიის გამოჩენა დამატებითი სტიმულია, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ.

14442798_1289543571076916_2049221261_n

როგორია ფასები და რა სახის ფასდაკლებებს სთავაზობთ წიგნის მოყვარულებს?

– ფასები საქართველოში წიგნის ყველა მაღაზიაში სტანდარტულია, ჩვენთანაც ისეა, როგორც ყველგან. ფასდაკლებები რეგულარულად გვაქვს დღესასწაულებზე, ზაფხულში. გვაქვს სასაჩუქრე აქციები და დაგროვების ბარათი.

გარდა მაღაზიისა, გვაქვს ამავე სახელწოდების გამომცემლობაც, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში უკვე 80 დასახელების წიგნი გამოსცა. ამ წიგნებზე მუდამ გვაქვს განსაკუთრებული ფასდაკლება.

როგორ ფიქრობთ, გაიზარდა თუ არა წიგნების მიმართ ინტერესი და ძირითადად, რა ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებიან თქვენი მომხმარებლები?

– წიგნების მიმართ ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ჩვენი მომხმარებელიც ძირითადად ამ ასაკისაა, თუმცა, დღეს საქართველოში ყველა ასაკის ადამიანი კითხულობს და ეს ძალიან სასიხარულოა.

თუ აწყდება წინააღმდეგობებს მაღაზია და რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა?

– განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს არ ვაწყდებით, მთავარი პრობლემა მაინც მკითხველის აქტიურობაა. თუ მკითხველთა რიცხვი საკმარისი იქნება, წიგნის მაღაზიებს არასდროს არაფერი დაემუქრება.

რა სიახლეებს შესთავაზებს სამომავლოდ „წიგნები ბათუმში“ მკითხველებს და თუ გეგმავთ, მაღაზიის გაფართოებას,როგორც ადგილზე, ისე სხვა ქალაქებში?

– სიახლეებს მუდმივად ვთავაზობთ ფასდაკლებებისა და პრეზენტაციების სახით, არც მომდევნო თვეები იქნება გამონაკლისი. ბათუმში მაღაზიის გაფართოება არ იგეგმება, თბილისში კი უახლოეს მომავალში აუცილებლად გავფართოვდებით.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

(Visited 300 times, 1 visits today)

კომენტარები