ფილარმონიის წინ ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, პალატის ორგანიზებით, დღეს, ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნება დამსახურებული სახალხო არტისტის, ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ დამფუძვნებელი წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ყოფილი ტელეწამყვანის და პირველი ქართველი შოუმენის გია ჭირაქაძის ვარსკვლავი.
გია ჭირაქაძეს 21 სექტემბერს 79 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე შემოქმედებით-საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომელსაც თავად იუბილარი გია ჭირაქაძე გაუძღვება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი ,,ქართული ხმების“ ორი თაობა, ნანი ბრეგვაძე, ირმა სოხაძე, ნანული აბესაძე, ოთხი გია, თბილისური კვარტეტი, კონსერვატორიის სექსტეტი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, მარიკო ებრალიძე, მაკა ზამბახიძე, დათო ნოზაძე, დავით მიზანიშვილი და მისი ბენდი.
გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“, შემდეგ უკვე ანსამბლ ,,დიელოს’’ წევრი იყო. მან 18 წელი იმუშავა ტელევიზიაში. მის სახელს უკავშირდება შოუმენის კულტურის დამკვიდრება საქართველოში. 2014 წელს კი ჭირაქაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.