სასჯელ აღსრულებასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მსჯავრდებულებს, რომლებიც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევიან, მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მსჯავრდებულები საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრებიან და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ფინანსთათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მსჯავრდებულებისთვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სპეციალურ, დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრო ბიზნესის სტატუსი მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს შეღავათებით პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგაც ისარგებლონ.

„შემოსავლების სამსახურმა მხარი დაუჭირა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივას მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე. გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებულები მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ“, – აღნიშნა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება მათ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში შეუწყობს ხელს. შეღავათებით სარგებლობის უფლება კი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანობისთვის დამატებითი მოტივაციაა.

პირველ ეტაპზე, მსჯავრდებულთათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5, N6, N17, N15, N8, N12 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდება.

„პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით ვებგვერდი – online.moc.gov.ge ამოქმედდა. შედეგად, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედ ხის საწარმოში წარმოებული ნივთების ყიდვა ონლაინ არის შესაძლებელი.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები