bidzina-ivanishvili_copy_copyსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ყველა პარტიამ, ვისაც არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების სურვილი აქვს, ხელი უნდა მოაწეროს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ეს პრევენციას მოახდენს პროვოკაციების, რომელსაც ადგილი სხვადასხვა პარტიების, ძირითადად კი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან აქვს.

“დღევანდელი ხელისუფლება ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის. ცალკეული პროვოკაციები არის სხვადასხვა პარტიებიდან, ძირითადად გასაგებია, საიდანაც მოდის, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. ხელისუფლების ინიციატივაც შემთხვევითი არაა, ეს პრევენციის ერთ-ერთი გზაა, სწორი გზაა. ხელისუფლებაა ვალდებული არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირება. მაგრამ ასეც ნუ ჩავთვლით, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც არაა ხელისუფლების მხრიდან წინასწარ დავადანაშაულოთ ხელისუფლება. ყველა პარტია პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უნდა იყოს არ მოხდეს მსგავსი. კორცხელს რაც შეეხება, ჯერ დასრულებული კიდევ არ არის გამოძიება, თუმცა თითქმის გარკვეულია ხელკეტები საიდან მოდიოდა და კარგად ჩანს ფოტოებზე. ვერ დავმალავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის ამის სპეციალისტი, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს პროვოკაცია ინსპირირებული იყო მხოლოდ მათი მხრიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ მსგავსი მემორანდუმის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო.

“ფაქტი, რომ ხდება მოთხოვნილება ასეთ დოკუმენტზე ცუდია და მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ გახდეს ამის საჭიროება. ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და მათივე აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად, დაპირისპირება. პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მე მახსოვს, როდესაც პოლიტიკაში მოვედით პრინციპში საშუალება არ გვქონდა გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა. ქვების სროლაც ბევრი იყო და ძალიან რთული იყო მოსახლეობასთან გასაუბრება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი 21 სექტემბერს გაასაჯაროვა და პარტიებს ხელმოწერისკენ მოუწოდა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები