ანა ნაცვლიშვილი„სამწუხაროდ ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი. ასევე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და საჯარო მოხელეების მხრიდან კანონით დადგენილი წესების დარღვევა“. წინასაარჩევნო გარემოზე და არსებულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.

„ზოგადი შეფასებით წინასაარჩევნო პერიოდი მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი არ არის წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ დღეს არ შეინიშნება დარღვევები მმართველი გუნდის და სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფაქტებზე არ უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და შესაბამისი რეაგირება.

საჯარო პირები იღებენ მონაწილეობას კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში სამუშაო საათების განმავლობაში. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ რეპუტაციას და ასევე ამომრჩევლის თვალში ჩრდილს აყენებს  ზოგადად საჯარო მოხელის იმიჯს. ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა,როდესაც შესაძლოა ზეწოლა–მუქარას ჰქონდეს ადგილი. ასევე წავაწყდით აგიტაცია–კამპანიის დროს ხელის შეშლის ფაქტებს.

ჩვენ მივმართეთ პრკურატურას და მიმდინარეობს გამოძიება.  თუმცა აუცილებელია არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ რეალურად საქმის განხორციელება, დამნაშავეების დასჯა. მნიშვნელოვანი სამართალდარღვევები გამოვლინდა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისას, როგორც უბნის ასევე ოლქის დონეზე. პრაქტიკამ აჩვენა,რომ პროფესიულად დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა ახლოს არის მმართველ გუნდთან.

ის რომ 2012 წელს იყო გაცილებით მძიმე ვითარება, არ ნიშნავს,რომ დღევანდელ   პრობლემებზე  არ იყოს ადეკვატური რეაგირება. მასობრივი დარღვევები ერთ ღამეში ვერ გამოაშკარავდება. კონკრეტულ ფაქტებზე  ხდება წაყრუება,  რისკები უნდა იყოს დაზღვეული და გამოუძიებელ  ინციდენტებზე  უნდა მოხდეს სწრაფი რეაგირება,“–განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები