IDAAF არქიტექტორები კომპანიაა, რომელიც ზრუნავს თქვენს ინტერიერზე, არქიტექტურაზე, ავეჯსა და სხვადასხვა ნივთის დიზაინზე. მისი ისტორია, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაიწყო, როდესაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ რეზი კრაწაშვილმა და ნანუკა ზაალიშვილმა,რამდენიმე არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტზე, ერთად იმუშავეს, პირველ ეტაპზევე, მათი ნამუშევრები ქართველ მომხმარებლებთან ერთად, უცხოელი მომხმარებლებისთვისაც იქმნებოდა.
„იდააფი“ დღეს მხოლოდ კომპანიასთან არ ასოცირდება, ის 2013 წელს მედია-პლატფორმად გადაიქცა, რომელის უცვლელი თემატიკაც არქიტექტურა და დიზაინია.
IDAAF არქიტექტორების კომპანია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ბიზნესდაჯილდოების კონკურსანტიც გახდა. ბიზნესდაჯილდოება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ყველაზე მასშტაბურ კონკურსს წარმოადგენს.
ნანუკა ზაალიშვილმა „თბილისი თაიმსს“ უკვე დასრულებული პროექტები გააცნო და კომპანიის კონცეფციაზე ესაუბრა.
„იდააფ არქიტექტორების“ შესახებ, რომ გვიამბოთ, როდის დაარსდა კომპანია,ვინ არიან შემქნელები და რა მოვლენები უძღოდა წინ თქვენი იდეის განხორციელებას?
– “იდააფ არქიტექტორები” ოფიციალურად 2016 წლის მარტში დაარსდა. გუნდში ვართ ნანუკა ზაალიშვილი და რეზი კრაწაშვილი.
არქიტექტურის განხრით მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, მე და რეზიმ ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე პროექტზე, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მერე მოხდა ისე, რომ რამდენიმე დაკვეთა ერთდროულად გამომიჩნდა, გადაწყვიტეთ სახელოსნოს გაკეთება და რეზისთან ერთად უკვე ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხარებლებს და რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი უპირატესობა?
– ჩვენი მიმართულებებია არქიტექტურა, ინტერიერი, ავეჯი და სხვადასხვა დიზაინი. რამდენიმე პროექტის რეკონსტრუქცია-მშენებლობაც შევასრულეთ, თუმცა მშენებლობაზე ძირითადად არ ვმუშაობთ. მთავარი უპირატესობა ალბათ ისაა, რომ ძალიან ჰუმანურად ვცდილობთ არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისადმი მიდგომა შევცვალოთ და ეს არ იყოს ეს ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებლობა, რომ ადამიანებმა იარსებონ საინტერესო სივრცეებში.
თქვენთვის რომელია ყველაზე კომფორტული სამუშაო?
– პროექტები, რომლიც შინაარსობრივად და ფუნქციურად საინტერესოა. როცა გიწევს ფიქრი კომფორტული ინტერიერის ან ურბანული სივრცის შექმნაზე, ძალიან მოგვწონს ავეჯზე მუშაობის პროცესიც, რომლის დიდ ნაწილსაც ჩვენი დიზაინით, ხანდახან ჩვენივე ხელით ვქმნით.
თქვენი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად, რომელი მოგწონთ ?
– სიღნაღში სახლის რეკონსტრუქცია ჩავატარეთ, ძალიან დაზაიანებული, ფაქტობრივად, თავიდან ასაშენებელი პროექტი ავიღეთ და ახლა ნელ-ნელა მთავრდება მშენებლობის პროცესი.
კომპანიის გარდა თქვენ გაქვთ ჟურნალი, ვრცლად რომ გვესაუბროთ იდააფი-ს ჟურნალზე, სტატიებსა და თემატიკაზე ?
– ინტერნეტ ჟურნალი იდააფი www.idaaf.com დაარსდა 2013 წელს. გამოცემის მიმართულებებია: არქიტექტურა, დიზაინი, ინტერიერი, არტი და მოდა. გუნდში თავიდან ვიყავი მარტო მე და ვწერდი ყველაფერზე, რაც საინტერესოდ მიმაჩნდა ამ სფეროებში, განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ექცეოდა დიდი ყურადღება. რამდენიმე თვეში შემომერთდა გუგა სოლოღაშვილი, ტატა ალხაზაშვილი, თათა გაჩეჩილაძე, მერი ხამხაძე და შემდეგ კიდევ რამდენიმე წევრი, რომლებიც წერენ სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
IDAAF ერთადერთი ქართული მედია-პლატფორმაა, რომელიც არქიტექტურასა და დიზაინს სრულყოფილად ეძღვნება. ჟურნალში აქტიურად იწერება ინტერიერზე, მოდასა და არტზე, მთელი იდეა ისაა, რომ შეიქმნას ქსელი ამ სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღება მიექცეს, რადგან ამ მხრივ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც ეს სფერო ყოველთვის ჩრდილშია. განსაკუთრებით არქიტექტურა.
დაინტერესებული ადამიანი შევა ჩვენს საიტზე და მოიძიებს ყველანაირ ინფორმაციას, რაც ამ სფეროებში ხდება, გვაქვს უამრავი მასალა ქართულ და ინგლისურ ენაზე, რათა ეს ინფორმაცია უცხოელი მკითხველისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.
www.idaaf.com მყარი ინტერნეტ გამოცემაა, რომლის სამ წლიანი არსებობის შედეგადაც აღნიშნულ სფეროებში მოღვაწე ადამიანების ქსელი ჩამოყალიბდა. ამ ქსელში მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციისა და იდეების გაცვლის პროცესი.
როგორია ფასები და ქართველ მომხარებლებთან ერთად,საზღვარგარეთიდან თუ გიკავშირდებიან?
– ჩვენი დამკვეთების უმრავლესობა არის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ ან წარმომადგენლობა ჰყავთ. პროექტების უმრავლესობას ინგლისურ ენაზე ვაბარებთ.
თქვენი სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ რომ გვიამბოთ …
– სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრ მუშაობას, რათა ჩვენი მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ და პროქტები უფრო დავხვეწოთ. გვაქვს ბევრი საინტერესო იდეა და აქტიურად ვმუშაობთ მათ განსახორციელებლად.
ნათია კეკენაძე