1367234392_usufashvili„ბრალი დამდეს   ტყუილში, არაკაცობაში, უსაქმურობაში. ამის მოთმენას აღარ ვაპირებ. რატომ  დაიჯერა  ბიძინა ივანიშვილმა, რომ დიდი ბიჭია, დიდი კაცია და შეუძლია გადაუაროს ვიღაცებს, ვინც პატარა კაცებად მიაჩნია“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„მე მოვისმინე  ბრალდებების ახალი კასკადი კოლეგებისგან და მათზე პასუხის გაცემა უკვე აღარ შეიძლება. ლაპარაკია ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, ჩემზე პირადად პარლამენტის თავმჯდომარეზე, ჩემს ღირსებაზე. არანაირ პოლიტიკურ პინგ–პონგში არ ჩავრთულვარ. მან ოთხი გადაცემა მომიძღვნა პირადად მე და რესპუბლიკურ პარტიას“.

დავით უსუფაშვილმა გადაცემაში იმ წერილის შინაარსიც გაასაჯაროვა, რომლითაც  2016 წლის 11 მარტს მოქმედ და ყოფილ პრემიერ–მინისტრებს მიმართავს.

„ კოალიციის დამფუძნებელთან ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში შევთანხმდით,რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვნა პირველი სექტემბრიდან,  საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია. ცხადია კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. განვლილ ორ თვეში პრემიერი დაკავებულია სხვა საკითხებით, შეიქმნა პოლიტიკური ვაკუუმი კოალიციის მენეჯმენტში. მე პირადად არაცივილურ გაყრაზე ფიქრიც არ მინდა. მაგრამ პროცესებს აქეთ მივყავართ. შექმნილ ვითარებაში ამომეწურა დამბალანსებლის, შემრიგებლის რესურსი. გთხოვთ უსაფრთხოდ ვიმოქმედოთ და დროზე მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ეს დოკუმენტი ადასტურებს ვინ ზრუნავდა ქვეყანაზე, კოალიციაზე და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე. ამ წერილს გამოვაქვეყნებ. ეს არ არის სასიყვარულო მიმოწერა. რატომ გავს დღევანდელი ოცნების და 2004 წლის სააკაშვილის მოქმედება ერთმანეთს. გადაირივნენ კოლეგები თუ როგორ გავბედე და შევადარე ისინი ერთმამეთს. მონოპოლია  იყო დამღუპველი  სააკაშვილისთვის და ეს აღმოჩნდება დამღუპველი ამ ხელისუფლებისთვისაც. არგუმენტებით და ფაქტებით ვესაუბროთ ერთმანეთს და ნუ გვექნება განცდა,რომ ვიღაც არის უფრო დიდი“.

დავით უსუფაშვილმა ასევე ბოლო პეარ მიმაჩნია,რომ გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე ისაუბრა.

„არ მიმაჩნია,რომ მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში გაჭიანურდა. გამოძიება გაჭიანურდა  ცხრა წლის განმავლობაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნებისმიერი მცდელობა,რომ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაექცნენ ამ საზარელი დანაშაულების გამო, არ იქნება მიღებული ქართველი ხალხის მიერ. ამასთანავე ისიც,რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე  ამ გახმაურებულ საქმეებში ახალ–ახალი გარემოებები ჩნდება, არც ეს იქნება მიღებული ქართველი ხალხის მიერ. ამით ჩვენ ვაზარალებთ პროკურატურას და სამართალდამცავ სისტემას.  მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს მიაქციონ ყურადღება, რომ ასეთი ფაქტებით, იმით რომ ორ–დღიანი შუალედით ვიგებთ ახალ გარემოებებს, ვავნებთ საზოგადოებას.

არ მჯერა რომ პროკურორი და მოსამართლე თავად წყვეტენ რა დროს იყოს  განაჩენი. ვინც ამას აკეთებს,  ვერანაირ სამართლიანობას ვეღარ აღადგენს. გავუფრთხილდეთ სამართალდამცავ სისტემას, დამნაშავეები დავსაჯოთ და ნუ ვაძლევთ საშუალებას ნაციონალურ მოძრაობას, რომ პასუხისმგებლობისგან გასაქცევად სალაპარაკო თემები გაუჩნდეთ.

იმ დანაკლისის გამოსწორება,რაც ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მოხდა, შეუძლებელია. იმ უამრავი საზარელი დანაშაულის ბოლომდე გამოსწორება შეუძლებელი იყო, ამიტომ მოხდა გარკვეულ ნაწილში გარკვეული საკითხების გამოძიება. ბევრი საქმე ვერ დასრულდა და ეს ცუდია,“–განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 70 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*