საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები, სოფლები, ადგილობრივების ცხოვრების წესი – მიმზიდველი ბუნებისა და კულტურის უკან მოსახლეობის მძიმე ყოფა დგას. ბოლო წლებია, საცხოვრებლად შეუფერებელი პირობების, განუვითარებელი ეკონომიკური გარემოს მიზეზით, მაღალმთიანი რეგიონების სოფლები მოსახლეობისგან იცლება – ბერდება. პრობლემის სიმწვავის გამოხატულება გამქრალი სოფლები და გადმოწეული საზღვერებია.
საქართველოს მთავრობის მიერ, 2016 წლის 1 იანვარში, ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მაღალმთიან რეგიონებში მოიაზრება 1500მ და ზემოთ სიმაღლეზე (გურიისა და აჭარის შემთხვევაში – 1000მ) დასახლებული ტერიტორიები, ამასთანავე, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ–ხევსურეთში, თუშეთში, ზემო და ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს.
როგორ უნდა მოვიპოვოთ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და რა შემთხვევაში შეიძლება მისი გაუქმება?
მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან რეგიონში და ამ უკანასკნელში, ფაქტობრივად, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, 9 თვე ან მეტ ხანს ცხოვრობს. ამ სამი კრიტერიუმის არსებობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამოწმებს.
ბრძანების თანახმად, ეს მოსახლეს სტატუსი შეიძლება გაუქმდეს იმ შემთქვევაში, თუ იგი გარდაიცვლება, აღარ იქნება საქართველოს მოქალაქე ან დარეგისტრირდება სხვა საცხოვრებელ ადგილას (გარდა მაღალმთიან ადგილას გადასვლისა).
მოსახლეზე, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, შემდეგი სახის, შესაბამისი სოციალური დახმარებები გაიცემა:
ა) საპენსიო ასაკს მიღწეული, მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად დამატებით თანხას – სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტის ოდენობით მიიღებს;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯედიტან, ყოველთვიური დანამატის სახით მიიღებენ:
ბ.ა) ექიმისათვის, სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას;
ბ.ბ) ექთნისათვის, სახელმწიფო პენსიის ოდენობას;
გ) მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფისთვის გატარდება კონკრეტული ღონისძიებები;
დ) მაღალმთიან დასახლებაში, აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები), მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა;
ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისათვის, რომლის მშობლები არიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით, ერთი წლის განმავლობაში, გაიცემა არანაკლებ 100 ლარი;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე დანამატი გაიცემა საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის ოდენობით;
ზ) საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაიცემა.
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის
სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისათვის, რომლებიც, პროგრამის ფარგლებში დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დანამატი გაიცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ან პროგრამის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგნელი წესისა და პირობების შესაბამისად.
რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ამ საკითხს საქართველოს საგადასახადო კოდექსი დაარეგულირებს. კერძოდ, ორგანო უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს „ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, გარკვეული ვადითა და წესით გაათავისუფლოს გადასახადებისგან.
აქვე მოგახსენებთ, რომ „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი არ ენიჭება ან უუქმდება თუ იგი ახორციელებს:
ა) ლიცენზირებას/ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას;
ბ) მომსახურების გაწევას, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;
გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.
საქართველოს მთავრობამ პროექტის განხორციელების უზრუნველყოფისთვის, საზედამხედველო ღონისძიებების გატარებისთვის, მთის ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა. მის მოვალეობაშია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და განმარტებული ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოს მთვრობასა და შესაბამის სამინისტროებთან ერთად (მაგ: ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები).
„თბილისი თაიმსი“, ამ ეტაპისთვის, პროექტის ფინანსური მხარის დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან, პროექტის ეს ნაწილი 2017 წლის 1 იანვრისთვის განისაზღვრება. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ჩამოყალიბდება მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდი, რომელიც პროექტის ფინანსური მხარეს უზრუნველყოფს.
მარიამ ტაკაშვილი