კვირიკათბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია, – დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გახსნა.

პროექტი უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვის განმავლობაში დასრულდა.

პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა  შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები, განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა – გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი ელექტროქსელები.  მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.

რეაბილიტირებული გამზირი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმცროს შვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყველა თბილისელს და მთელს საქართველოს, ულამაზესი, ისტორიული უბნის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის გამზირის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.

„7 თვის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო შესრულდა. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღდგენილია, არა მხოლოდ გარეგნული იერსახე, არამედ, სადარბაზოები, მათ შორის მხატვრობა, კედლის მოხატულობა, ეზოები, მთლიანად განახლებულია კომუნიკაციები და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგი ეტაპები გულისხმობს მთელი საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას ზედა ქუჩების მიმართულებით; ასევე, აღდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ბაღების კომპლექსი. ეს იქნება, მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის – გახუთმაგებულია უძრავი ქონების ფასი; გარდა ამისა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში, ყველა ტურისტისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირს, რომლის ნაწილი საფეხმავლოგახდა, დღეს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა.

კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო სკვერები, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის  ფარგლებში დასაქმდა 1 200 – მდე ადამიანი. პროექტის „ახალი ტფილისის“ 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

2017 წელს, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.

(Visited 70 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*