kvirikaSviliდღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და, მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს და არა მარტო უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

„ამ ომის შედეგად, ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირია   ქვეყნის შიგნით და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. მთავარი, რასაც ყველა ჩვენგანი ვაცნობიერებთ, არის ის, რომ ეს იყო ომი ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ და, ამ ომს, თავშივე არ ჰყავდა მოგებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა დაღუპული მეომრის ხსოვნას დიდ პატივს მივაგებთ. ყველა მათგანი გმირია. სწორედ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გმირობა უნათებდა გზას ქართველ ჯარისკაცებს შემდგომში, კიდევ არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დროს და სწორედ მათი გმირობა იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ ეს იარები, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის და მშვიდობიანად და მხოლოდ მშვიდობიანად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და დავიბრუნოთ ის ერთიანობა რომელიც გვქონდა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველამ ერთად ძმობაში, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიან ქვეყანაში, ძმობაში და მეგობრობაში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი დღეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დაღუპული გმირების ხსოვნას, მთავრობის მეთაურთან ერთად, პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*