„კარგად ვიცი, როგორ შეიძლება ჩანაწერებით მანიპულირება, გაყალბება, შეცვლა. ამიტომ ბუნებრივია ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე უნდა აღიძრას და გამოძიება დაიწყოს“. გავრცელებული ფარული ვიდეომასალის შესახებ „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„დაუჯერებელი არაფერი არ არის, მითუმეტეს, რომ ვიცნობთ სააკაშვილის და მისი პარტიის ავანტურისტულ ბუნებას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად დაბრუნდნენ. ეს საფრთხე არსებობს და ამის შესახებ ვაფრთხილებდი „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად 2012 წლიდან მოყოლებული. მაშინ ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს ისეთი პოლიტიკოსები ყავდათ,რომ არაფერი ეპარებოდათ.
რა თქმა უნდა არის ლოგიკა იმაში,რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“ მტრის ხატად და კვლავ პოლარიზებული არჩევნები სურს. ხალხს დააშინებს რომ თუ ჩვენ არ აგვირჩევთ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვაო. ამიტომ არ დასაჯეს არვინ, თან დასავლეთთან ქულები უნდა ჩაეწერათ. საინტერესოა ეს ჩანაწერი თუ მართლა ავთენტურია, ახლა მოიპოვა პროკურატურამ თუ როგორც 26 მაისის კადრები აპრილში მოპოვებული, ახლა გამოაქვეყნეს არჩევნებამდე ორი-სამი კვირით ადრე. რა თქმა უნდა გამოძიება უნდა ჩატარდეს და ექსპერტიზამ უნდა თქვას რამდენად სრულყოფილია ეს ჩანაწერი“.
ნინო ბურჯანაძე სხვა ოპოზიციური პარტიების განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„არ ვიცი მე დამემართა ამნეზია და მეხსიერება მღალატობს თუ „თავისუფალი დემოკრატები“ არ ყოფილა კოალიციაში როდესაც კოჰაბიტაცია იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, ვინ არის პასუხისმგებელი კოჰაბიტაციაზე. „ქართული ოცნება“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“, ყველა ეს პარტია იყო კოალიციაში. სწორედ მაშინ მე ვამბობდი,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის საფრთხე და საერთოდ უნდა აიკრძალოს-მეთქი. როდესაც სახალხო კრებამ გააკეთა განცხადება,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს და დენაციფიკაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში, სწორედ ეს ადამიანები იძახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენააო.
ერთადერთი პოლიტიკური ძალა,რომელიც შეუპოვრად ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიყავით „სახალხო კრება“ და „ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“. ჩვენ გავაგრძელეთ ეს ბრძოლა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში და არა კოალიცია ქართული ოცნება, დღეს სააკაშვილი ციხეში იჯდებოდა და არა ოდესაში, საიდანაც უბედურებას გეგმავს“.
მანანა ღოღობერიძე