%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94

თუკი ახსენებთ მის  შემოქმედებას, უმალვე გაგახსენდებათ ანგელოზები ბავშვური გამომეტყველებითა და დიდრონი თვალებით, ან ისეთი ბებიები და ბაბუები,  სოფელში რომ გელოდებიან, ჩურჩხელასა და ათას სანოვაგეს მხოლოდ თქვენთვის რომ ინახავენ და ძილის წინ აუცილებლად გიყვებიან ნაირ-ნაირ ზღაპრებს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი რუბრიკის სტუმარია მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე, რომლის შემოქმედებაც დღითი დღე პოპულარული ხდება, არა მარტო საქართველოში – უცხოეთშიც.

  • ნინო, რამდენი ხანია ხატავთ და ზოგადად, რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფერწერას?

ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ამიტომაც მხატვრობა ჩემს პროფესიად ვაქციე.  ხატვა ჩემთვის ყოველდღიური, ჩვეულებრივი საქმიანობაა, რის გარეშეც ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა.

  • თქვენი ნახატები საკმაოდ სპეციფიკური და ადვილად ამოსაცნობია – საიდან წამოვიდა ის ხატვის სტილი, რომლითაც საზოგადოება გცნობთ?

ყველა მხატვარს აქვს თავისი გარკვეული ხელწერა,  რთულია იმის თქმა, თუ  საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდი ბევრს ვეძებდი, და ბოლოს, მივაგენი ისეთ სტილს, სადაც ძალიან ბუნებრივად და კომფორტულად ვგრძობ თავს. ბედნიერებაა მიაგნო შენთვის ორგანულს და აკეთებდე შენს საქმეს სიამოვნებით.

  • რატომ ეს თემატიკა – თუ თქვენს ნახატებს გადავავლებთ თვალს, უმეტესობაში ანგელოზები და მოხუცები ფიგურირებს, არის ეს დაკავშირებული რაიმე კონკრეტულთან?

ჩემი შემოქმედების ძირითადი თემაა ბავშვი. ძალიან მსიამოვნებს პატარა ადამიანების ხატვა, თანაც ბავშვები ძალიან მიყვარს. მიმაჩნია, რომ ანგელოზებიც იგივე ბავშვები არიან. მოხუცების ხატვაც მომწონს,  ალბათ ჩემი ბებიები და ბაბუები მენატრება.

%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%90

  • როგორც ვიცი, წიგნების ილისტრატორიც ხართ – რამდენად არის ეს საქმიანობა დაკავშირებული პირად სიამოვნებასთან? არის მხატვრების კატეგორია, რომელსაც ე.წ. დაკვეთით ხატვა არ შეუძლია.

დიახ, მე ილუსტრატორიც ვარ, გაფორმებული მაქვს ბევრი საბავშვო წიგნი. ჩემთვის საბავშვო ილუსტრატორობა ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან აქ მხოლოდ შენს ფანტაზიაზე არ ხარ დამოკიდებული, უნდა მიჰყვე ტექსტს, ეცადო კარგად იგრძნო წიგნის ავტორის ჩანაფიქრი და თან ისიც გაითვალიწინო, რომ შენი შემფასებელი ბავშვია.

  • არის მხატვარი, რომელზეც იტყოდით, რომ თქვენზე გავლენა მოახდინა?

მქონდა პერიოდები, როდესაც სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებით ვიყავი გატაცებული და და ისინი გარკვეულ გავლენას ახდენდენ ჩემზე. ამჟამად, ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ზეგავლენას განვიცდი. მახარებს, რომ მივაგენი ჩემს თავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ თვითკმაყოფილებას განვიცდი. მხატვარი სულ უნდა ეძებდეს და ვითარდებოდეს.

  • რამდენადაც ვიცი, ნახატებთან ხშირად გიწევთ ,,განშორება“. რა განცდებთანაა ეს დაკავშირებული?

დიახ, ბევრ ნახატს დავმშვიდობებივარ, თავიდან უფრო განვიცდიდი, თუმცა მერე შევეჩვიე და მიმაჩნია, რომ მხატვრისთვის გარკვეულწილად ბედნიერებაც არის, როდესაც ადამიანებს მისი ნახატის შეძენა სურთ. მე კი, შემიძლია პერიოდულად ჩემთან დავტოვო ის ნახატები, რომლებიც ჩემს გულთან განსაკუთრებით ახლოს მოვიდნენ.

%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%96

  • საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ხშირად ეწყობა თქვენი ნახატების გამოფენა. არ გეგმავთ შემოქმედების უცხოეთში გატანას და უცხოელი საზოგადოებისთვის გაცნობას?

მე არც ისე დიდი ხანია, რაც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი. ამიტომ საზღვარგარეთ გამოფენის მოწყობის დრო და არც განსაკუთრებული სურვილი ჯერჯერობით არ მქონია.  ვნახოთ, შეიძლება ჩემი შემდეგი გამოფენა ლიტვაში მოეწყოს.

  • ხატვის გარდა, რით ხართ დაკავებული?

ძალიან მიყვარს ხელსაქმე, ქსოვა, ქარგვა, სხვადასხვა ნივთების შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ ამის დრო პრაქტიკულად აღარ მრჩება. არც კი მახსოვს ბოლოს როდის მოვქსოვე ან მოვქარგე.  ასევე ჩემი საყვარელი საქმეა ფოტოგრაფია, რომლითაც ბავშოვობიდან დავინტერესდი. მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ, ძალიან მიყვარს ბავშვების პორტრეტებისა  და ყვავილების ნატურმორტების გადაღება.

  • რომ არა მხატვარი … წარმოგიდგენიათ თავი სხვა სფეროში?

რომ არა მხატვარი, ჩემი პროფესია აუცილებლად  ხელოვნებასთან კავშირში იქნებოდა.  შეიძლება ფოტოგრაფი ვყოფილიყავი, ან არქეოლოგი.  ან სულაც – იქნებ სიმღერაც შემძლებოდა.

 

ნატალია ჯალაღონია

(Visited 643 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*