14440791_1142337269189264_9083675567140342824_nპირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Golden Tulip Borjomi (ყოფილი „ფირუზა“) გახსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ოპერირებას გაუწევს საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია Golden Tulip, რომელიც “Louvre Hotels Group”-ის ქსელში შედის.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა აღდგენილი სასტუმრო, რომელიც 1892 წელს ირანის კონსულისთვისაა აშენებული და უნიკალური კულტურული ძეგლია არა მხოლოდ საქართველოში.
მინისტრმა ინვესტორ კომპანიას, „უორლდფაუნდ იუნივერსალს“ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

”მნიშვნელოვანია, რომ შენობის განახლება-რეკონსტრუქცია მოხდა ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომლის საშუალებითაც შენობას შეუნარჩუნდა ისტორიული იერსახე და კულტურული ღირებულება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შენობის აღდგენისა და მასში მაღალი კლასის სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

”სასტუმროში 50-მდე ადამიანი დასაქმდება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რადგან სწორედ კერძო სექტორი ქმნის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით ახალ სამუშაო ადგილებს იმ ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, მხოლოდ 2013-2015 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის ორმოცდაერთი პროცენტია, დღეის მდგომარეობით, ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში 158 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს.
”ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„Golden Tulip Borjomi“-ის სასტუმრო არის 16 ნომრიანი (2 ლუქსი და 14 სტანდარტული ნომერი). სასტუმროს მომსახურეობებში შევა რესტორანი, ფიტნეს დარბაზი, აუზი, საუნა, საპროცედურო ოთახი, სადაც ჩატარდება მასაჟის გარდა სამკურნალო პროცედურები ბორჯომის მინერალური წყლების გამოყენებით.

(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები