მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით, საჯარო სივრცეში გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება: „როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.
ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.“
საპატრიარქო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი დოგმატური სხვაობების გამო შეწყვეტილია, ამიტომ პაპის მესაში მართლმადიდებელი მორწმუნეები არ მონაწილეობენ, რაც პროზელიტიზმის გამოვლინებად არ შეიძლება ჩაითვალოს.
„შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით–ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.
ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ.“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
სოფიკო ნინიკაშვილი