„ფიქრის შემდეგ მივხვდი,რომ ამ ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს ქვეყნის გარდაქმნის.პოლიტიკაში მოვიდა ფულის საშოვნელად. ის არ აპირებს პოლიტიკაში დარჩენას, სავარაუდოდ ეს პოლიტიკური პარტიაც გაქრება“. ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის დატოვების მიზეზებზე და ბურჭულაძესთან საუბრის დეტალებზე „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მას ჰქონდა პოზიტიური იმიჯი მოსახლეობაში,რომელიც გარდაქმნა პოლიტიკურ კაპიტალად. შემდეგ ამ კაპიტალს როგორც ჩანს ახურდავებს ფულში. შეიძლება კარგი პროფესიონალები მოხვდნენ კიდეც პარლამენტში, მაგრამ ეს ადამიანი გაქრება ქართული პოლიტიკიდან, წაიღებს ამ ფულს და წავა. არანაირი გრძელვადიანი ხედვები მას არ აქვს.
დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა შეხვედრა. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მივედი და იჯდა დაახლოებით ოცდაათი ადამიანი. დაახლოებით ნახევარი წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი. მითხრა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს და არ მსურს ამაზე საუბარიო. ერთ საათს გაძლევ მოსაფიქრებლად და ვაპირებ გირჩის წევრების სიიდან ამოღებას, შენ შეგიძლია პარტიის გარეშე დარჩეო. მე ავდექი და გამოვედი. პირველ რიგში ვიკითხე თუ იყო რამე ფინანსური ვალდებულება, რომელიც არ შეგვისრულებია. მითხრეს, რომ საქმე ეხებოდა დამატებით ფინანსურ რესურსებს, რომელიც ერთ საათში უნდა მომეტანა. მილიონზე მეტ თანხაზე იყო საუბარი.
ჩვენ გვყავს რამდენიმე ბიზნესმენი,რომელიც აფინანსებს გირჩს. ბიძინა ივანიშვილთან მათ კავშირი არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში მე რამდენადაც ვიცი არ აქვთ. ბევრ სხვადასხვა ტიპის ბიზნესმენთან გვქონდა კავშირი და ეს ყველაფერი პაატა ბურჭულაძემ იცოდა ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან. ცხადია ვისაუბრეთ დაფინანსების რა წყაროები გვქონდა ჩვენც, მათაც, გიორგი ვაშაძესაც. თუ პრობლემა იყო,რომ მე მქონდა ბიძინა ივანიშვილის ფული, ერთ საათში ეს ფული უნდა მომეტანა და მაშინ პრობლემა არ იქნებოდა? უბრალოდ თქვა მიზეზი, რეალურ პრობლემას ხომ არ მოყვებოდა. იქ იყო ოცდაათი ადამიანი და იმედი მაქვს,რომ რამდენიმე მაინც დაადასტურებს,რომ მან მომცა ერთსაათიანი ვადა გაურკვეველი პრობლემის მოსაგვარებლად.
გუშინ გავიგე, რომ ბლოკიდან ხელფასი ჰქონდა 60 ათასი ლარი. ამ გუნდს ჰყავდა ათობით ათასი კოორდინატორი მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათზე ხელფასის გაცემის პრობლემა იყო. ბურჭულაძის მაგივრად მე მოვუხდი ამ ხალხს ბოდიშს. დიდი ალბათობით რა ფინანსურ რესურსსაც არ უნდა მოუყაროს თავი ამ ადამიანმა, წაიღებს ამ ფულს და წავა.
ეს ადამიანი ტოვებდა შთაბეჭდილებას,რომ მართლა აწუხებდა ქვეყნის ბედი და უნდოდა ცვლილებები. გულწრფელად ვამბობ,რომ ეს არის ჩემი შეცდომა. არ ტოვებდა შტაბეჭდილებას,რომ განვითარების რამე კონკრეტული გზები იცოდა, თუმცა ჩვენ ვფიქრობდით რომ კონკრეტული გზები ჩვენ ვიცოდით და ამ თვალსაზრისით ერთმანეთს შევავსებდით.
ცალსახად შეცდომა იყო ამ ბლოკში გაერთიანება. გირჩისთვის პარლამენტში თუნდაც ორი ადამიანის, ვახო მეგრელიშვილის და იაგო ხვიჩიას წარმომადგენლობა იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამის გამო ბევრი ისეთი ნაბიჯი გადავდგი,რომელმაც კრიტიკა გამოიწვია. მესმის,რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ტრიბუნა, მაგრამ ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნის გარეშეც ვერავინ გაგვაჩერებს. ჩვენ უკვე გვაქვს ცნობადობა, ვერც ვერავინ დაგვბლოკავს მედიაში. ყველა თემა,რომელიც დღეს არსებობს ქართულ პოლიტიკაში არის ჩვენი შექმნილი. გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიის შემცირება, სამთავრობო ხარჯების შემცირება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, მიწების რეგისტრაცია თუ ნარკოპოლიტიკის შეცვლა. ყველა ეს თემა არის გირჩის შექმნილი და ამ თემებს მივიყვანთ ბოლომდე.
არავის დავადებ ხელს და არ ვიტყვი, რომ პაატა ბურჭულაძე ვიღაცის პროექტია. მე მაინც მგონია,რომ ეს არის ამ ადამიანის საკუთარი პროექტი, მან ფულის შოვნა გადაწყვიტა. თუმცა ვერსიების არსებობას აქვს საფუძველი.ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრით „გირჩის“ წამოსვლა აწყობს როგორც „ნაციონალურ“ მოძრაობას, ასევე „ქართულ ოცნებას“. ორივეს მიზანი საბოლოო ჯამში იყო,რომ შუაში რაღაც ძლიერი ძალა არ გაჩენილიყო,“-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობეროძე