მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ურჩი, ხვეული და დაზიანებულია. დღეს ნამდვილად არ ჭირს ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის შამპუნის არჩევა. თუ თქვენ ძვირადღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მოცემული შამპუნის რეკლამაში იყო, არ იდარდოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ.
არსებობს მშრალი/ცხიმიანი/ნორმალური/შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები.
ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს.
თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა.
მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება.
შერეული ტიპის თმა ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან – მშრალი.
მინდა რამდენიმე ასე ვთქვათ შინაურული მეთოდი გირჩიოთ სახლის პირობებში თმის მოსავლელად.
მოგეხსენებათ,ზამთარში ჩვენს თმას და ზოგადად, ორგანიზმს ვიტამინები აკლია. გარდა იმისა, რომ ვიტამინიზირებული პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ, ის ასევე დაუნანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გარეგანი დანიშნულებითაც, ანუ თმაზე წაისვათ, დავიწყეთ:
საფეხურები
1. მაიონეზის ნიღაბი არბილებს და აბზინებს თმას. აიღეთ 100გრ. მაიონეზი, დაუმატეთ 1კოვზი არაყი (მე არ ვუმატებ ხოლმე) და 1 კოვზი ლიმონის წვენი. შეიზილეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 20–30წუთი. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან პირსახოცი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი განსაკუთრებით მშრალი ტიპის თმას მოუხდება.
2. აიღეთ გვირილას ყვავილები (აფთიაქში იყიდება, 2ლარამდე ღირს) დაასხით წყალი და წამოადუღეთ, რომ გაგრილდება მოიხმარეთ. რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, ერთი გადავლება უნდა გამოვიდეს. ეს ნახარში ქერა თმას განსაკუთრებით აბზინებს, მუქთმიანებსაც მოგვიხდება.
3. გვირილის ნახარშში აურიეთ, ან ცალკე აიღეთ კვერცხის გული და შეიზილეთ სველ თმაზე. კარგად ჩამოიბანეთ.
4. დაფნის ფოთლების ნახარში ამაგრებს თმის ძირებს (ანუ თმის ცვენის საწინააღმდეგოა).ასევე მდოგვის ფხვნილს აქვს ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი. აიღეთ 1 კოვზი მდოგვის ფხვნილი,დაუმატეთ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ფაფისმაგვარი მასა დაიტანეთ სველ თმაზე. შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და მოიხვიეთ ზემოდან პირსახოცით, რამდენიმე წუთი გაითბეთ თავი თმის საშრობი ფენით. თავის კანი უნდა აგეწვათ, მაგრამ არა იმდენად, რომ თავზე “ცეცხლი მოგეკიდოთ” გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.
5. ასევე უფერო ხნა ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ნატურალური ხნა მთლად უფეროც არ არის, თმა ცოტა სიწითლისკენ მიჰყავს, მაგრამ სამკურნალო კუთხით შედეგი გარანტირებულია. თან მცენარეების ძირებისგან მზადდება და კარგია. (უფეროზე მაქვს ლაპარაკი). გახსნით ხნას ფხვნილს ცოტა წყალში და სველ თმაზე წაისვამთ. მე 1 საათი ვიჩერებ ხოლმე. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანთ. ეს ამაგრებს თმის ძირებს და მკურნალობს თმის დაზიანებულ სტრუქტურას.
6. კარგია დაბანის შემდეგ ძმრის და ჭინჭრის ნახარშის გადავლება. არბილებს და აბზინებს თმას. ზეითუნის, ვარდის ან ჟასმინის ზეთის შამპუნში არევაც შეიძლება (1ს/კოვზი).
7. თაფლიანი წყლის თავზე დასხმაც არ მოგერიდოთ ვისაც არ დაენანება, შეუძლია შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვას ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანოს თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ. ლუდი აქრობს ქერტლს და აბზინებს თმას.
8. თავის დაბანამდე რამდენიმე საათით ადრე წყალში ჩაალბეთ შავი პური. დამბალი პური შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. შემოიხვიეთ თმაზე პოლიეთილენის პარკი და 15 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უშამპუნოდ. პურის ნიღაბი აძლიერებს, ასქელებს თმას, ანიჭებს ბზინვარებას.
9. არსებობს შამპუნები, რომლებიც შეიცავენ შავ პურს, ზეითუნის ზეთს, ჭინჭრის ექსტრაქტს და თუ ასეთი შამპუნი მოგეპოვებათ, იგივე ინგრედიენტებით მომზადებულ ნიღაბს აღარ საჭიროებთ.
10. დაბანის დროს, თმის დავარცხნა ცუდი იდეაა, თბილი წყლით დაბანის დროს თმის ძირები გაფართოვებულია და იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. უმჯობესია თმა დაბანამდე დაივარცხნოთ.ზოგადად, რეკომენდირებულია მშრალი თმის კვირაში ორჯერ და ცხიმიანის კვირაში ერთხელ დაბანა. თუ თავს ყოველ დღე იბანთ, შამპუნი მხოლოდ კვირაში 3 ჯერ გამოიყენეთ. არ გაიწუროთ თმა დაბანის შემდეგ. ფენით გაშრობაც, რომ ცუდია ეგ ყველამ იცის.
11. ხვეულ თმას დაბანის შემდეგ აუცილებლად მიაშველეთ ბალზამი. მშრალ თმას – კონდიციონერი.
წყარო: rogor.ge
მარიამ ფანჩულიძე