2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5662 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია;
ექსპორტი 1476 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4186 მლნ აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ-ივლისში 2710 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.
2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1491 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 258 მლნ აშშ დოლარი იყო (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1233 მლნ აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში – 17 პროცენტი, ხოლო იმპორტში – 29 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 28, 17 და 31 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე სავაჭრო დეფიციტის 36 პროცენტი მოდიოდა (2012 წლის იანვარ-ივლისში 37 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარ-ივლისში 1883 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 824 მლნ აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1059 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (4 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 56 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი. (2012 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 31, 50 და 25 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2012 წლის იანვარ–ივლისში 14 პროცენტი).
2013 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 45 პროცენტით შემცირდა.
2013 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (830 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (715 მლნ აშშ დოლარი) და უკრაინა (411 მლნ აშშ დოლარი).
26.08.13