„ბლოკის საერთო ფონდიდან ხელფასი არც მე და არც ერთ ლიდერს არ მიგვიღია. ბლოკს აქვს აბსოლუტურად კანონიერი შემოსავლები. ეს ყველაფერი არის აუდიტის სამსახურში წარდგენილი. პაატა ბურჭულაძეს მე როგორც ვიცი საერთოდ არ აქვს ხელფასი და თუ აქვს შეგიძლიათ აუდიტის სამსახურის მონაცემებიდან ამოიღოთ“. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „GDS“–ის ეთერში გადაცემა „2030“–ში ისაუბრა.
„ანაზღაურების აღება არ არის სამარცხვინო და არ მესმის რატომ არ უნდა აიღოს. ბლოკის შექმნის შემდეგ, ფინანსების გადანაწილების შემდეგ მას ხელფასი არ აუღია. ბლოკის შექმნამდე არ ვიცი, რაღაც ფონდი ჰქონდათ და შეიძლება იღებდა კიდეც ხელფასს. ეს არ არის სამარცხვინო.
ჩემთვის პაატა ბურჭულაძეს სიაში დარჩენის სანაცვლოდ არანაირი თანხა არ მოუთხოვია. სია შედგენილი იყო სხვადასხვა პრინციპებზე დაყრდნობით , მსჯელობის და განხილვების შედეგად. დავრჩი იმიტომ,რომ მჯერა ერთიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა. მჯერა,რომ გვაქვს რესურსი ხელისუფლებაში მოსვლის და კონკრეტული საქმის კეთების. მე ზურასთვის არ მითქვამს მარტო შენ დარჩი და სხვები გაუშვი–მეთქი. მასთან მქონდა საუბარი,როდესაც კონფლიქტის შესახებ გახდა ცნობილი და შევთავაზე, რომ ერთად გვემსჯელა პრობლემებზე. ბევრი რამ ჩემთვისაც გაუგებარი იყო და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. საბოლოოდ მე გადაწყვეტილება მივიღე იქედან გამომდინარე,რომ ჩემი აზრით ამ ბლოკს აქვს დიდი რესურსი და საზოგადოების დიდი მხარდაჭერა. ვრჩები და ვაგრძელებ ბრძოლას გამარჯვებისთვის.
რაც შეეხება 4 მილიონს, ზურასაც კი არ უთქვამს ჩემთვის მსგავსი არაფერი. საერთო შეხვედრაზე მსგავსი არაფერი გვისაუბრია. არ ვაპირებ ამ თემის დეტალებში შესვლას. ამ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი და არ მგონია სწორი იყოს,რომ დავიწყო მათი ლანძღვა–გინება საჯარო სივრცეში. ბევრი რამ გახდა ჭორაობის საგანი, თუმცა ერთი რამ ნათელია,რომ ჩვენი ბლოკი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად ვიღებთ. ხანდახან საკმაოდ არასტანდარტულს, გასაკვირს, მაგრამ ეს ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. მთავარი ჩვენი პროგრამის განხორციელებაა და ვფიქრობ,რომ სწორი პროცესით მიმდინარეობს მოვლენები,“–განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მანანა ღოღობერიძე