„მე კანდიდატურა ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მოვხსენი. მას მივეცით საშუალება თავად დაუჭიროს მხარი ვისაც თვლის საჭიროდ და თავად აიღოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე“. ამის შესახებ პოლიტიკურუ პარტია „თამაზ მეჭიაური–ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია „GDS“–ზე, გადაცემა „2030“–ის ეთერში ისაუბრა.
„მიუხედავად საგარეო კურსთან ჩვენი დამოკიდებულებისა, მაინც მიმაჩნია, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქი. ამიტომ გარკვეულწილად მათ მივეცით შანსი, გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. ჩვენი მაჟორიტარების ნაწილი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას და ზოგიერთი წარმატებითაც. უმეტესობამ, ვინც მოხსნა კანდიდატურა, ფაქტობრივად ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. „ქართულ ოცნებაში“ მაინც ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს.
უიმედოდ არასდროს არსად მივდივარ, გამარჯვების იმედი მქონდა. თუმცა ამ საარჩევნო კამპანიამ და მოსახლეობასთან შეხვედრებმა დიდი დრო წაიღო და პარტია დამრჩა უყურადღებოდ. ჩემი მხრიდან გადადგომის გადაწყვეტიელბა ეგოისტურიც კი იყო. მეტ დროს დავუთმობ პარტიის საქმიანობას, შევეცდებით გავხდეთ კვალიფიციური სუბიექტი და გადავლახოთ ბარიერი. მეორე მხრივ ამ დაძაბულ ფონს,რომელიც ისედაც არსებობს ქვეყანაში, არ დავუმატებ ახალ კერას. ჭორებისგანაც გავფილტრე სივრცე.
ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია,რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. სტაბილურობა უფრო მაღალი მიზანია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის პარლამენტის წევრობა. ლიდერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და არც ისაა გასაკვირი,რომ ამ სტაბილურობის გარანტიც ისაა. ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ პარლამენტში მოსვლას. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. თუ დარჩენილ დროში მოსახლეობას იმას მაინც გავაგებინებთ,რომ ჩვენც ვიყრით კენჭს, მივაწვდით გზავნილებს,რომ ჩვენ არ ვიქნებით არც ერთი ქვეყნის დესპანის მიერ დასმული პოლიტიკური ძალა. თუ ამას ვერ დაიჯერებს მოსახლეობა, მოუწევთ ისევ იმ სპექტაკლის ყურება,სადაც ერთი ცენტრიდან იქნება დაკიდებული პოზიციაც და ოპოზიციაც. ამის გაგების პრობლემა გვაქვს. არ გვაქვს უფასო საეთერო დრო, რომელსაც კვალიფიციური პარტიები ფლობენ. შეიძლება არ მთვლიან ისეთ პოლიტიკოსად,რომ საინტერესო იყოს ჩემთან დებატები,“–აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
მანანა ღოღობერიძე