kvirkashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ჰუმინურ, ორგანო-მინერალურ სასუქებს  აწარმოებს.

საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით.

ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძალიან ნათელი მაგალითი – ასე შეაფასა პრემიერმა ახლად გახსნილი საწარმო, სადაც ქართველი მეცნიერების მონაწილეობით, ნიადაგის აღმდგენის ახალი ტექნოლოგია შემუშავდა.

“მინერალური და ქიმიური სასუქების გამოყენება დიდი პრობლემაა, ხდება ნიადაგის გამოფიტვა, ბინძურდება გარემო და რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ შემდეგ ვიკვებებით იმ საკვებით, რომელიც ამ ყველაფერს შეიცავს. ამ საწარმოში წარმოებული პროდუქცია  კი არის ბიოლოგიურად სუფთა. საქართველოს ნიშა, ექსპორტისა  და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ის, რომ ჩვენ დავიმკვიდროთ ბიოლოგიურად და ორგანულად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ადგილობრივი მეცნიერების მონაწილეობით შექმნილი დანადგარები, რომლითაც აღჭურვიია საწარმო, იმპორტის შემთხვევაში 25-30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდებოდა, მაშინ, როდესაც ეს დაახლოებით 7 მლნ დოლარის ინვესტიციით გახდა შესაძლებელი.
საწარმო დაფინანსებულია ბანკი “ქართუს” მიერ. წარმოებული პროდუქცია ზრდის პროდუქტიულობას და არ აბინძურებს გარემოს, ახდენს ნიადაგის აღდგენას.

საწარმოში ამჟამად 120 ადამიანი მუშაობს, თუმცა ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება. პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ საწარმოში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

“ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ახალმა ტექნოლოგიებმა და ქართველმა მეცნიერებმა შექმნან საწარმო, რომელიც სრულიად ახალი სიტყვაა სოფლის მეურნეობის განვითარებაში”,  – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საწარმოში მოქმედებს ცენტრალური ლაბორატორია, სადაც მუდმივად ახალი ტექნოლიგიების შესწავლა და მიკრობიოლოგიური პრეპარატების შემუშავება მიმდინარეობს. ასევე, ლაბორატორია ახორციელებს პროდუქციის კონტროლს, როგორც წარმოების პროცესში, ისე საბოლოოდ, რაც მომხმარებლისთვის გარანტირებულად მაღალი ხარისხის  პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროდუქცია ორიენტირებულია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

 

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები