14528334_546127348922571_594649202_nჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, ეს პოსტი არ შეიცავს სექსუალურ სცენებს, რომლებსაც შსს პორნოგრაფიად შერაცხავს, არც მემეებს დიკაპრიოსა და ოსკარის ინტიმური განმარტოების შესახებ. ნაწერი არ ჩაგიყვანთ ჯოჯოხეთში დიქტატორებთან სალაყბოდ და არც მარსზე წაგიყვანთ ზიგის მოსანახულებლად. ფენტეზის ტოლკიენთან ეზიარეთ, ან ჰარი პოტერთან ივარჯიშეთ კვიდიჩში. დასაბოლებლად ბულგაკოვს ესტუმრეთ, ყელამდე მორფინი აქვს. თუ მიშა არ დაგხვდებათ, ბიძია ბეროუზთან გაგამისამართებენ ჯანქზე, იქნებ, უილიამთან მისულ პატი სმიტსაც გადაეყაროთ, რა ვიცი, რა ვიცი.

უძილობისთვის ახალი მიზეზი მყავს. არა, ეს არაა შეყვარებული, გაგანია მარტში სიამოვნებისგან კნავილს რომ დამაწყებინებს. მიზეზი მოკუზულია და რევმატიზმი აწუხებს.

ჩემ ზემოთ გადმოვიდა. ბუნჩულა, საყვარელი მოხუცი კაცია, სულ იღიმის და მარტო ცხოვრობს- ანუ, ყველა ის ნიშანი აქვს, რომლებითაც მანიაკები ინიღბებიან.სრულიად მარტოა. კატა მაგას არ ჰყავს, არც ძაღლის ყეფა ჩამესმის, კუს ბოდიალის ნელ ხახუნსაც ვერსად ვერ გაიგონებთ.

სავარაუდო მანიაკთან მეზობლობა შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა ერთი ფაქტი. კუბოსავით ვიწრო ოთახს ვქირაობ, რომელიც ზემო სართულის უნიტაზის ქვეშაა განლაგებული. თხელი ჭერი ყოველღამ მაუწყებს ჩემი მეზობლის სატუალეტო თავგადასავლების შესახებ. დაახლოებით ჰგავს პროსტატას სამკურნალო წამლის რეკლამას, მაგრამ იქ დატანჯულ პერსონაჟს ეშველება მაინც, ჩემი »მანიაკი»-მეზობლისგან კი უსაშველო კვნესა, დედის გინება და ჩაშვებული წყლის ჩხრიალი მესმის.

კაცის დატანჯული შინაგანი სამყაროს ამბავი კიდევ ერთმა არსებამ იცის, მეტსახელად »ლამაზო». პანიკაში ჩავარდნილი მეზობელი უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამს მას მიმართავს ხოლმე: »მიდი, ლამაზო», »ნუ მაწვალებ, ლამაზო», »კაი ხარ, შე დედამოტყმულო ლამაზო». ასეთი ინტიმური საუბრების გამგონეს, არ მინდა წარმოვიდგინო, რა სიგრძისაა »ლამაზმანი».

ღამეა. სწრაფი გარბენი და ზემოდან მისი ნაბიჯები ბრახუნობს. ტელევიზორი ბოლომდეა აწეული, მაგრამ კაცის გოდებას მაინც ვერ ფარავს. ეს ყველაფერი ძალიან ახლოს მეჩვენება, იმდენად, რომ სუნითაც აღვიქვამ.

შორეულ 50-იანებში ხრუშჩოვკის დამპროექტებელს აზრად არ მოუვიდოდა, რა მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევდა მის საკანალიზაციო სისტემას ჩემი ზედა მეზობლის შარდსასქესო და კაჭნაწლავის ტრაქტებთან. ჭერიც არ ჩანს გამძლე, ასე რომ, ერთხელ გაირღვევა და უნიტაზზე ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრებულ კაცს მის »ლამაზოსთან» ერთად დამამხობს. წარმოვიდგენ, დაჭეჭყილ თავზე ტრუსებჩახდილი კაცი მაზის  და ბოდიშს მიხდის დისკომფორტისთვის : »მაპატიეთ, რა უხერხულია».

მეზობლის საბოდიშო რაკრაკს აღარ ვუსმენ, მკიდია. ვუცქერი სისხლითა და ფეკალიებით დასვრილ კუბოს ფორმის ოთახს, დედანატირევ მეს და გენერალური »უბორკის» ჩატარება მინდა, სასწრაფოდ, ახლავე!

აბსურდულ სიკვდილს უსუნო სიმყრალე ასდის.

ანა მებურიშვილი

 

Please follow and like us: