ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მხარდაჭერა განულებულია.
როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბაზალეთის კომპლექსში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, ერთადერთი რესურსი, რაც “ნაციონალებს“ ჰქონდათ საერთაშორისო მხარდაჭერა იყო, რომელიც ახლა განულებულია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციით ცდილობდნენ ამერიკელების და ევროპელების თვალში დემოკრატიულობის იმიჯის დამკვიდრებას.
“საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ გაეგო რა ხდებოდა, როგორ შეიძლებოდა დემოკრატიის შუქურა ქვეყანაში ამდენი მაღალი თანამდებობის პირი დასჯილიყო. ამის რესურსი პირნათლად ბოლომდე ამოეწურათ, მათ საზღვარგარეთიდან არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ყველამ დაინახა რეალობა, რაც მანამდე ჩვენ ვიცოდით, განულებულია მათი მხარდაჭერა. ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს მაშინ, დღესაც მხარს უჭერენ საქართველოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.