„ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, პირდაპირ გეუბნებით. იოლად არ ვბრაზდები, თუმცა არასასიამოვნოა როდესაც ჩაწერა შენი ნებართვის გარეშე ხდება. გარკვეულ უხერხულობას ჩემთან დაკავშირებით უნდა გრძნობდეს. თუმცა კანონით მას ამის უფლება ჰქონდა.უბრალოდ გამიკვირდა, ნიკა გვარამიას შეეძლო ბოდიში მაინც მოეხადა“. მორიგი ფარული ჩანაწერის შესახებ აუდიომასალის ერთ–ერთი მოსაუბრე, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში საუბრობს.
„იმასაც ვერ ვიხსენებ კონკრეტულად რა ვითარებაში ვისაუბრეთ, არც ეს ტექსტი მახსოვს ზუსტად რა კონტექსტში ვთქვი. ჩანაწერში მე ვსაუბრობ იმ პრობლემატიკაზე, რაზეც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირთან ვსაუბრობ. რამდენიმეჯერ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ვითარებაში, ოჯახში, შეხვედრაზე. ნამდვილად არ ვიცოდი მით უმეტეს ჩაწერის შესახებ.
აქ მე ვსაუბრობ იმას რასაც ვსაუბრობ ყოველდღიურად. ეთერშიც ბევრჯერ აღმინიშნავს სასამართლოს პრობლემატიკა. ძალიან მიკვირს პოლიტიკოსების განცხადებები, რომ თითქოს ვიღაცას ანგარიში ჩავაბარე. არავისთვის ანგარიში არ ჩამიბარებია, იგივენაირად ვსაუბრობ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ქუჩაში გამვლელიც თუ გამაჩერებს, ასევე შემიძლია ავუხსნა რა ხდება სასამართლოს სისტემაში. მე ვფიქრობ ყველა მოსამართლე უნდა საუბრობდეს, თუ რაიმე პრობლემა არსებობს. ის საუბარი, რაც მქონდა იყო ჩვეულებრივი სასამართლოს პრობლემატიკის განხილვა, დეტალებს ვერ ვიხსენებ. მსგავსი საუბარი მქონია დაახლოებით ხუთას ადამიანთან.
საინტერესოა ვის აწყობს წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი საუბრების ჩანაწერების ატვირთვა, მითუმეტეს ჩვეულებრივი ადამიანების პირადი საუბრების. რა მნიშვნელობა აქვს თანამდებობას. თუ ნიკა გვარამიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, მეც უნდა ვყოფილიყავი ინფორმირებული. თუმცა თუ არაფორმალურად აკეთებს, რა თქმა უნდა შეუძლია თავისი საუბრაი ჩაიწეროს, მაგრამ მინიმუმ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა ეს საჯაროდ განაცხადა, ბოდიშიც უნდა მოიხადოს. ერთადერთი ზარი მახსოვს მხოლოდ, მაქსიმალურად ვიკავებ თავს ინტერვიუებისგან და მთხოვა,რომ ინტერვიუ გამეკეთებინა,“–განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მანანა ღოღობერიძე