რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერ ქეთრინ ქოსმანს და საქართველოში ამერიკის ელჩის ახლად დანიშნულ მრჩეველს რაიან კოენიგის შეხვდნენ.
შეხვედრაზე სათათბიროს წევრებმა, რემელშიც თითქმის ყველა რელიგიური დენომინაციაა გაერთიანებული ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე. კონფესიებმა დადებითად შეაფასეს სახელწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების შესახებ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღვთისმსახურების აღსასრულებლად შექმნილი უკიდურესად რთული ვითარების გამო და აცნობა ქეთრინ ქოსმანს ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) დატყვევების შესახებ.
რაბინმა მეირ კოზლოვსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მიერ მომზადებული ანგარიშები რეალური სურათის აღსაქმელად აუცილებელია ეფუძნებოდეს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ და შეჯერებულ ინფორმაციას.
საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა ხაზგასმით აღნიშნა რელიგიური განათლებისა და რელიგიის შესახებ კანონის აუცილებლობის თაობაზე.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღნიშნა, რომ სააგენტოს დაარსება ხელს უწყობს მათ პრობლემების მოგვარებასა და ხელისუფლებასთან პირდაპირ დიალოგს.
„დღეს საქართველოში ნებისმიერ აღმსარებლობას აქვს სრული თავისუფლება ილოცოს და აღასრულოს თავისთვის მისაღები რელიგიური რიტუალი და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის“- აღნიშნა საქართველოში ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჩარლზ ჰობლიტზმა
საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და დაფინანსების კუთხით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მკვეთრად გააუმჯობესა ევანგელურ-პროტესტანტული თემის მდგომარეობა საქართველოში.
საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრების წევრმა ნადრი ალოიანმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას იმის გამო, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სადაც იეზიდებს თავისი სალოცავი და კულტურის სახლი გააჩნიათ.
შეხვედრის დასასრულს ქეთრინ ქოსმანმა დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული რელიგიური სიტუაცია და აღნიშნა, რომ მას ახარებს რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის არსებული გახსნილი, ღია ურთიერთობა და თანამშრომლობა. მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შეხვედრის ორგანიზებისათვის, რელიგიურ ორგანიზაციებს კი – საინტერესო ინფორმაციისათვის.
სოფიკო ინიკაშვილი