ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც „თბილისი თაიმსს“ ცესკო-ში განუცხადეს, ავღანეთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, ავღანეთში საქართველოდან 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა, რომლებმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყვეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარი-შარიფში გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლეს.
ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს ცესკო საერთო არჩევნების დღის დასრულების შემდეგ შეაჯამებს.