საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სექტემბერში ჩოხატაურელ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “განათლება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი“. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს„ თავჯდომარე საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ ამახვილებდა ყურადღებას ამ საკითხზე, განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს კანდიდატთა უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნას.

არის თუ არა განათლებისა და მეცნიერების სფერო ისეთი პრიორიტეტული პოლიტიკოსებისთვის, როგორც ამას აცხადებენ, რამდენად არის განათლების მიმართულებით საკითხები გათვალისწინებული ამა თუ იმ პარტიის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამაში, აღნიშნულ თემაზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

სოსო ცინცაძებატონო სოსო, როგორ შეაფასებთ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს განათლების მიმართულებით, არის კი არა ეს საკითხი პრიორიტეტული?

– განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ვერავის ვერ გამოვარჩევ. ეს პრობლემა არცერთ პარტიას არ შეუსწავლია სათანადოდ. სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების თემა 90-იანი წლებიდან არცერთ არჩევნებზე არ იყო პრიორიტეტული. ისე მოხდა, რომ ეს სფეროები მეორე პლანზე გადავიდა. წინ აყენებენ ტურიზმს, მომსახურეობის სფეროს განვითარებასა და სოფლის მეურნეობას.

ბატონო სოსო, არსებული პროგრამები, რომ შევაფასოთ, რაზე აკეთებენ აქცენტს პარტიები? რის შეცვლას ან გაუმჯობესებას პირდებიან ხალხს?

– არაფერ მნიშვნელოვანს არ აპირებენ. იყო დაპირება, რომ მასწავლებლების ხელფასები  გაიზრდება, თითქოს ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. ხელფასი პრობლემას არ წყვეტს, მთავარია, რომ ცოდნა სამსახურის შოვნის მყარი გარანტია გახდეს. რაც უფრო პროფესიონალი ხარ, მით უფრო მეტს გიხდიან. ცოდნა, რომ ფასდებოდეს, ავტომატურ რეჟიმში მოხდება მასწავლებლების, პროფესორების წახალისება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სანამ ასე არ იქნება, სანამ ცოდნას ფასი არ დაედება, მასწავლებელს გინდ 10 000 ლარის ხელფასი დაუნიშნე, მოამზადებს ის კარგ ბავშვს, რომელიც ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ სამსახურს ვერ იშოვის. და ამ სიტუაციაში სერიოზულად არავინ არ ჩადებს ინვესტიციას განათლებაში.

განათლების ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც პარტიების პროგრამებშია განსაზღვრული, ეხება სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მასწავლებელთა გადამზადებასა და სწავლების ინტერნაციონალიზაციას. რა პრობლემები გამორჩათ პარტიებს?

– აქ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე გავდივართ, რადგან იმისათვის, რომ პარტიებმა თავიანთ პროგრამებში ჩაწერონ პრობლემების გადაჭრის გზები, საჭიროა სპეციალისტთა დასკვნები. მაგრამ პარტიები ფულს უხდიან არა მეცნიერებს, ვინც ამაზე უნდა იმუშაონ, არამედ ეკონომისტებს, რათა როგორმე შეფუთონ, თუ საიდან მისცემენ 500-ლარიან პენსიასა თუ ხელფასს.

მთავარი პრობლემა არაა მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატებაში. ამით პრობლემა ვერ გადაწყდება, პირიქით, უფრო გამწვავდება, რადგან უმუშევარი მცოდნე ახალგაზრდობა უფრო ხედავს, რა ხდება ქვეყანაში და ეს მხოლოდ გაამწვავებს კონფლიქტს.

და რაც არ უნდა მეტი ფული დაიხარჯოს, უცხოეთში სწავლაც, რომ დაუფინანსონ, უკან დაბრუნებულ სტუდენტს არანაირი გარანტია არ აქვს, რომ აქ მიღებული ხელფასით კარგად იცხოვრებს.

ბოლო დროს გააქტიურდა სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს. მაგალითად, “აუდიტორია 115„ სისტემის სრული რეფორმირების გარდა აყენებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა  განათლების ხელმისაწვდომობა და მეცნიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. რომელიმე პარტიამ თუ გაითვალისწინა მათი მოთხოვნები?

– სტუდენტების მოთხოვნები არსად არცერთ პროგრამაში არაა გათვალისწინებული. ყველა პარტია პირდება ერთ რამეს – კარგ ცხოვრებას. ხოლო ის, რომ კარგ ცხოვრებას ბევრი შრომა სჭირდება, ამაზე, როგორც პარტიზანები დაკითხვაზე, ისე სდუმს ყველა. ღარინ ქვეყანაში პრიორიტეტია ჭამა, ამიტომ ყურადღებას ამახვილებენ პენსიებსა და სამუშაო ადგილებზე.

გამოდის, რომ პარტიები არ გვთავაზობენ ეფექტურ და რეალურად განსახორციელებელ პროგრამებს?

– მეტ-ნაკლებად დაპირებების შესრულება მხოლოდ მომავალ მმართველ პარტიას შეუძლია, ვინაიდან ოპოზიციას არ აქვს ასრულების ბერკეტები, გინდ გულით მოინდომოს.

“ქართულმა ოცნებამ„ 2012 წელს ძალზედ მწარე გამოცდილება მიიღო კონკრეტული დაპირებებით და ახლა ზოგადად, ლოზუნგების დონეზე ლაპარაკობს სწრაფ განვითარებაზე, თავისუფლებაზე, კეთილდღეობაზე. მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს კეთილდღეობა, როდესაც ბიუჯეტს აქვეყნებენ არჩევნებამდე 5 დღით ადრე? ვოლსკის ვუსმენდი, საუბრობდა, რომ ცვლილებების შეტანა შემდგომში იგეგმებაო. რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება ახლა, რომ მეტმა ამომრჩეველმა მოგცეს ხმა? ასეთი პრიმიტიული სტილი ნორმალური ადამიანისთვის ერთგვარი გზავნილია.

წინასწარი მონაცემებით, გამოკითხვის შედეგად „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ. თქვენი პროგნოზით, კიდევ რომელი პარტია შეძლებს ბარიერის გადალახვას?

– ჩემთვის მიმანიშნებელი იყო ივანიშვილის განცხადება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კონკურენტი ალასანიას პარტიის სახით. რის საფუძველზე კეთდებოდა ეს განცხადება, როდესაც არცერთი გამოკითხვა ოპტიმიზმის საბაბს არ აძლევს თავისუფალ დემოკრატებს? ვარაუდის დონეზე ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ უკვე აირჩია მისთვის სასურველი ოპოზიციური ძალა. მაგრამ ალასანიას ეჯიბრებიან ბურჯანაძის პარტია, პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტები – თანაბარი რესურსის მქონე პოლიტიკური ძალები.

როგორ ფიქრობთ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი თუ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე?

იმოქმედებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, რომელთა უმრავლესობამ შეიძლება დაასკვნას, რომ საარჩევნო ფონი არ იყო თავისუფალი და მშვიდობიანი. ჩვენთან ყოველთვის ხდებოდა გაყალბებები, კარუსელები, მაგრამ ამდენი სისხლი არ დაღვრილა. ოქრუაშვილს ესროლეს, ხალხი დაჭრეს, მანქანა ააფეთქეს – ეს უკვე უცხოა ქართული საარჩევნო ბატალიებისთვისაც კი. ამიტომ ეს იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგზე. სერიოზულ დასკვნებს ითხოვს, რამ გამოიწვია ასეთი მწვავე დაპირისპირება, რამ გამოიწვია  ასეთი შეურიგებლობა და სიძულვილის კულტი. შეიძლება, ეს პროვოკაციაა, მაგრამ იბადება კითხვა, ვინ არის პროვოკატორი?

ანა მებურიშვილი

 

 

Please follow and like us: