დედაქალაქში ტრანსპორტირების გაუმჯობესების კუთხით ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც უკვე იცით, ჩვენს ქალაქს დაემატა ახალი, ევროპული სტანდარტების ავტობუსები, რომლებიც უკვე ემსახურებიან ცვენს მოქალაქეებს. ასევე, მუშავდება ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა. საინტერესოა, რას მოიცავს ეს პროექტი და როგორ შეუწყობს ხელს საცობების განმუხტვას. გარდა ამისა, ტრამვაის აღდგენასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია.

აღნიშნულ საინტერესო საკითხებზე “თბილისი თაიმსს” თბილისის მერიის, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე ესაუბრა.

MAN-ის ახალი 10 ავტობუსი მგზავრების გადაყვანას უახლოეს დღეებში დაიწყებს. როდიდან იგეგმება ახალი ავტობუსების მეორე ნაკადის შემოყვანა, აქვე საინტერესოა, რადგან ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, მგზავრობის ღირებულებაზე ხომ არ აისახება? ანუ, შეიცვლება თუ არა ფასი.

მამუკა მუმლაძემგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება. 143 „Man“-ის ავტობუსი პირველ ეტაპზე დიდ „ბოგდანებს“ ჩაანაცვლებს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი 10 ავტობუსი N61-ზე გადანაწილდა, მეორე ეტაპზე კი ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება. ტრანსპორტის კომპანია გამოთავისუფლებულ „ბოგდანებს“ იმ მარშრუტებზე დაამატებს, სადაც დიდი მგზავრთნაკადია.

საცობების თემა ქალაქში ერთ-ერთი აქტუალურია. ვიცით, რომ მუშავდება ქალაქის ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა. რას მოიცავს აღნიშნული პროექტი და როგორ დაეხმარება მისი განხორციელება ქალაქს საცობების განმუხტვაში?

– მერიის საცობებთან ბრძოლის 5-პუნქტიანი გეგმა სხვადასხვა სფეროებში კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ზოგი საკითხი ტრანსპორტის სამსახურის კომპეტენციაა, ზოგიც – მერიის სხვა სამსახურების.

ჩვენი სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თემაზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. რამდენიმე დღის წინათ, ფრანგულმა „სისტრამ“ წარმოგვიდგინა საინტერესო კვლევა დედაქალაქში მგზავრთნაკადებისა და სატრანსპორტო კორიდორების შესახებ. „იბიარდის“ მხარდაჭერით გამოცხადებულია ტენდერი საერთაშორისო მასშტაბის კვლევითი კომპანიის მოსაძიებლად, რომელიც დედაქალაქის სამარშრუტო სქემას შეისწავლის და რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს. ეს ყველაფერი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

უცხოელი კოლეგებისგან გამუდმებით გვესმის, რომ დიდი ქალაქების ხელმძღვანელებმა საცობებთან ბრძოლისას, მრავალი სხვადასხვა მეთოდი მოსინჯეს და ყველაზე ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურად კერძო მანქანებით სარგებლობა არ უნდა სჭირდებოდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათ იაფ, სწრაფ და კომფორტულ სერვისს უნდა სთავაზობდეს.

ჩვენ ამ შეხედულებას ვიზიარებთ. „Man“-ის არჩევით მერიამ თბილისისთვის უმაღლესი ხარისხის ავტობუსები შეიძინა. ამჟამად, დედაქალაქს ყოველდღიურად 512 ავტობუსი ემსახურება. 143 „Man“-ის შემოსვლის შემდგომ ამ ციფრს 604-მდე გავზრდით. თუმცა, თბილისს 800 მაინც სჭირდება. მომავალ წელს ახალი ტენდერის გამოცხადებას ვაპირებთ საშუალო ტევადობის ავტობუსების შესყიდვაზე, რადგან გვჭირდება მანქანები, რომლებიც ვიწრო ქუჩებშიც უპრობლემოდ იმოძრავებენ.

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ავტობუსების პარკის მთლიანად გამოცვლასა და უფრო მეტიც, მის გაფართოებას ვგეგმავთ.

ავტობუსების გარდა, ვმუშაობთ მეტროს მომსახურების გაუმჯობესებაზე. წელს გეგმაში 12 ვაგონის რემონტი გვქონდა. მათ შორის 4-ის მოდერნიზაცია მოხდა. ამაზეც არ გავჩერდით და ახლა კიდევ 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ახლო მომავალში იგეგმება მეტროსადგურ „ვაჟა ფშაველას“ გახსნაც. ვფიქრობ, მეტროსთან დაკავშირებით ჩვენი პრიორიტეტი ახალი შემადგენლობების დამატება უნდა იყოს, რათა მატარებლებს შორის ინტერვალმა 3,5 წუთიდან 2,5 წუთამდე დაიკლოს და გაცილებით მეტი მგზავრის გადაყვანა შეძლოს.

საცობებთან ბრძოლის კიდევ ერთი მიმართულება მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაა. როგორც იცით, ერთ-ერთმა უცხოურმა კომპანიამ 10 ლოკაცია უკვე შეგვირჩია. თუმცა, ტრანსპორტის სამსახური მუშაობს, რათა ახლო პერიოდში კიდევ 10 ალტერნატიული ადგილი მოვიძიოთ.

გავრცელდა ინფორმაცია ტრამვაის ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით. რამდენი ხანი დასჭირდება აღდგენას და როდისთვის უნდა ველოდოთ ტრამვაის გამოჩენას. საინტერესოა, რა მიმათულებით ივლის ტრამვაი ქალაქში და რა ეღირება მგზავრობა?

– ძალიან სამწუხაროა, რომ თბილისის ტრამვაი მოსპეს. ახლის მშენებლობისთვის დიდი სამუშაოებია გასაწევი. იგი საკმაოდ სოლიდურ ფინანსებსაც მოითხოვს.  ვფიქრობთ, რომ ტრამვაის პირველი ხაზი მეტრო „დელისიდან“ ორთაჭალის მიმართულებით გაკეთდეს. ვადებზე ჯერ ნუ დავკონკრეტდებით, რადგან ამ ეტაპზე ტრამვაი გრძელვადიან პროექტად მიიჩნევა.

თუ იგეგმება დედაქალაქში ახლომომავალში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა და როდის?

– დიახ, გვესმის მძღოლების წუხილი და ახლო მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება.

ნინო მაზიაშვილი

 

Please follow and like us: