ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით გააცნო.
აქტივობამ მოცემული დროისთვის 8,34 % (292 957ამომრჩეველი) შეადგინა.
ცესკოში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. ანა მიქელაძემ პროცედურული ხასიათის რამდენიმე ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე საარჩევნო უბანზე (სამგორის 22-ე უბანი, მთაწმინდის მე-6 უბანი, ასევე ქუთაისის 27-ე უბანი) რამდენიმე წუთით შეფერხდა; ვინაიდან უბანზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები, ჩანაწერთა წიგნში მათ აღრიცხვას შედარებით მეტი დრო დაჭირდა.
„ზუგდიდის #18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი და ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა დროულად შესულიყო საარჩევნო უბანზე და კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა. რისი მიზეზიც გახდა, კომისიის ერთ-ერთი წევრის უარი წილისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გააპროტესტა ლუქის ნომრის დაფიქსირების პროცედურა ჟურნალში. ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ფოთის #61-ე საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე ასევე 30-40 წუთით შეფერხდა კენჭისყრის წინა პროცედურები, ვინაიდან ჩაიკეტა ოთახის კარი, სადაც საარჩევნო დოკუმენტაცია ინახებოდა. კარი სამაშველო სამსახურის დახმარებით გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბანი დროულად 08:00 სთ-ზე გაიხსნა და ამ უბანზეც ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა.
ბათუმის #1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. ამავე მიზეზით, საარჩევნო უბნიდან გააძევეს „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი. #1 საარჩევნო უბანზე, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია,“- განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში კიდევ 4 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება და ცესკო პერიოდულად წარმოადგენს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.