„იომ ქიფური” ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღეა, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს საღამომდე გასტანს. ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელი ხალხი ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს და მარხულობს.
იომ-ქიფური ითარგმნება, როგორც „მიტევების“, „გამოსყიდვის“, „განკითხვის დღე“. იგი საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა, როდესაც ღმერთი გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ ადამიანს ჩადენელი ცოდვებისგან ათავისუფლებს. ასევე, ესაა დღე, როდესაც ადამიანებმა ყოველგვარი წყენა უნდა აპატიონ ერთმანეთს და სიყვარულის საფუძველზე ააგონ ახალი ურთიერთობები.
სადღესასწაულო მსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. იომ ქიფურის წინ სრულდება ქაფაროთის წესი, თეთრი ფერის ქათმით. ქაფაროთების გაკეთება შეიძლება ფულითაც, როცა ქათმის ნაცვლად ფულს შემოივლებენ თავზე, შემდეგ მას ცედაკში წირავენ.
ქიფურის დღეს გარდა საჭმელ-სასმელის აკრძალვისა, არ იცვამენ ტყავის ძირიან ფეხსაცმელებს (დაშვებულია რეზინის, პლასტმასის, თექისა და სხვ. ფეხსაცმელები.) მიღებულია თეთრი ტანსაცმლის ჩაცმა.
მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ. მოიხსენიებენ მიცვალებულებს, რომლებიც დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვით და განმანთავისუფლებელ ომებში.
განსაკუთრებულად იომ-ქიფური მაინც ისრაელში აღინიშნება, სადაც ამ დღეს ყოველდღიური ცხოვრება ჩერდება. ყველა მაღაზია, რესტორანი, ორგანიზაცია თუ დასასვენებელი ადგილი იკეტება, ტრანსპორტი არ მოძრაობს – ჩერდება ისრაელის მთავარი აეროპორტი „ბენ გურიონიც“.
სოფიკო ნინიკაშვილი