14658304_689962537823188_1981547428_nსაქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრში უმასპინძლა.

შს მინისტრმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა. გიორგი მღებრიშვილის თქმით: „მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას“. შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს პრეზენტაციაზე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის პრინციპი და პროცედურები დეტალურად გააცნო.

დელეგაციის წევრები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ. „112“-ის დირექტორი, გიორგი ბიჭაშვილი სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა და განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

(Visited 81 times, 1 visits today)

კომენტარები