უმეტესწილად, მშობლების შემდეგ, პატარები დიდ დროს საბავშვო ბაღში, აღმზრდელებისა და თანატოლების გარემოცვაში ატარებენ. დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში სიარულის შემდეგ, მეტად კომუნიკაბელური და გახსნილი ხდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, დიდ როლს ბავშვობაში მიღებული განცდები თუ შთაბეჭდილებები თამაშობს. იმისათვის, რომ პატარებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, მათთვის საბავშვო დაწესებულებებში შესაბამისი პირობების შექმნაა საჭირო.
აქედან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო „თბილისი თაიმსი“ ქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღებში შექმნილი სიტუაციის გარკვევას შეეცადა. ჩვენ კითხვებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში უპასუხეს.
ბოლო რამდენიმე წელია აღსაზრდელის სკოლამდელ დაწესებულებაში მისაღებად ონლაინ რეგისტრაციის გავლაა საჭირო. როგორ ფიქრობთ, ამ რეფორმამ გაამართლა? რით ახსნით იმ ფაქტს, რომ საჯარო ბაღებში ადგილები შეზღუდულია და აქედან გამომდინარე, მშობლებს ბავშვების კერძო ბაღებში მიყვანა უწევთ, რადგან სახელმწიფო ბაღებში ვერ ხვდებიან?
– ონლაინ რეგისტრაცია არის რეგისტრაციის ყველაზე თანამედროვე, უალტერნატივო ფორმა, რომელიც რამდენიმე წელია დანერგილია არა მხოლოდ სკოლამდელი, არამედ საშუალო განათლების სისტემაშიც (სკოლებში).
საჯარო ბაღების გადატვირთულობის პრობლემა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, ესაა გასულ წლებში თბილისის მასშტაბით 50-მდე ბაღის დახურვა, რომელთა დაბრუნებისა და აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საჯარო ბაღებზე მოთხოვნის საგრძნობი ზრდა, ვინაიდან ახალი ხელისუფლების პირობებში, საჯარო ბაღი უფასო გახდა, პირობები კი მკვეთრად გაუმჯობესდა. გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას სააგენტო ახალი ბაღების მშენებლობით და მოქმედ ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების გზით ცდილობს.
მომდევნო წელს რამდენი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება და სად არის დაგეგმილი?
– მომავალ წელს თბილისის სხვადასხვა უბანში 10 ახალი საბავშვო ბაღის გახსნაა დაგეგმილი. წელს დედაქალაქს 7 ახალი ბაღი შეემატა, ასევე, რამდენიმე წინა წლებში დახურული ბაღი აღდგა.
ხშირად არის საუბარი, რომ ზოგიერთ ბაღებში საწოლები არ ჰყოფნით. სწორედ ამის გამო, 3 წლიდან აღსაზრდელებს აღარ აძინებენ. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად მიზანშეწონილია? საწოლებსა და ზოგადად საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ინვენტარისთვის ტენდერი თუ ცხადდება, ბაღების საჭირო ინვენტარით მომარაგება რამდენად ხშირად ხდება?
– საბავშვო ბაღებში ძირითადად ბაგის ასაკის (2-3 წლიანთა ჯგუფი) ბავშვებს აძინებენ. თუ ბაღის ინფრასტრუქტურა (ფართი) შესაბამისი ინვენტარის განთავსების საშუალებას იძლევა, უფრო დიდი ასაკის ბავშვებიც იძინებენ. რაც შეეხება საწოლების შეძენას, ადრე შესყიდვა როგორც სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის გზით ხდებოდა, ასევე თვითონ ბაღიც ყიდულობდა (გააჩნია რაოდენობას). მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, შესყიდვა ძირითადად ტენდერის გზით ხდება. ბაღის ინვენტარის განახლება მუდმივი პროცესია.
საბავშვო ბაღების პედაგოგების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზინით თუ არის დაგეგმილი?
– ბაღის მოქმედი აღმზრდელების, ასევე, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, საბავშვო ბაღებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, სააგენტომ წელს კონკურსი ჩაატარა (ტესტირება, გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა, გასაუბრება კი – სააგენტომ, კომისიური წესით). კონკურსი სამ პოზიციაზე იყო გამოცხადებული: მეთოდისტი, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე. კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე, საკადრო რეზერვი შეიქმნა. შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღნიშნულ სამ პოზიციაზე მხოლოდ საკადრო რეზერვში მყოფი, კონკურსგავლილი მოქალაქეები ინიშნებიან.
ნინო ზარიძე