მუსლიმის მილოცვა პატრიარქს

საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჯეიხუნ მუჰამედალი ( ნარზალოვი) საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

,,დიდხანს ვფიქრობდი,  ეს  სტატუსი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვერ მოვითმინე. ძვირფასო მეგობრებო, ჩემს სამშობლოს დღეს ძალიან უჭირს. ყოველდღიურად ბევრი ნეგატიური რამის მოწმე ვხდები. დღეს თითქოს უმრავლესობას სამშობლოს ბედი დაავიწყდა და მხოლოდ თავისი ჯიბისა და ხვალინდელი დღის პატრიოტები გახდნენ. პატრიოტები არიან მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე პოზიციის დაუფლებას ცდილობენ. პატრიოტები არიან მაშინ, როცა კამერები მათკენ იყურება. თითქოს ადამიანების უმრავლესობა მთვრალია და არ გრძნობს თავისი სხეულის (სამშობლოს) ტკივილს.

ძირითადი მასა მხოლოდ ჭამაზე და გართობაზე ფიქრობს. გასულ კვირას რუსთაველზე ერთი ავტომობილი საქართველოს დროშით მოძრაობდა. დიდი სიჩქარის გამო, დროშა ავტომობილიდან გამოძვრა და ძირს, ასფალტზე დავარდა. იმ ავტომობილში მსხდარებმა ხომ ,,დაიკიდეს” ის დროშა და არც გააჩერეს. ამას ის დაემატა, ზუსტად 10-მდე ავტომობილის მძღოლმა გადაუარა მაგ დროშას. მე მართლა პირღია დავრჩი და მინდოდა  მივსულიყავი და ამეღო. ამასობაში ერთმა ვაჟკაცმა გააჩერა ავტომობილი  და აიღო ძირს დაგდებული დროშა.  იქ რაც დამემართა მაგ დროს, არ ვიცი,  როგორ აღვწერო. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ჩვენს უმრავლესობას რაღაც სჭირს. ამიტომაა, რომ  ჩვენი სხეული  – აფხაზეთი და ოსეთი თითქმის დავიწყებული გვაქვს. იმ სხეულის ტკივილზე დღეს მხოლოდ ზერელე და ფორმალურად ვზრუნავთ. აფხაზეთი და ოსეთი ჩვენი ღრმა ჭრილობაა. ჭრილობას თუ ზერელედ მოუვლი, ის ქვემოდან დალპება და ისეთ დროს ისეთ უკურეაქციას მოგცემს, რომ მერე შენი მშველელიც არ გეყოლება.
არ ვიცი, ალბათ ასე მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ დაგვათრო,  მაგრამ ეს ნაკლებად მჯერა. დროშა ჩემთვის წმინდაა – ის ჩვენი სახეა!”

 

(Visited 436 times, 1 visits today)

კომენტარები