ბლოგიცოტა ხნით დავკარგე მეხსიერება… ასე მითხრა ექიმმა. დამამშვიდა, თუ იმკურნალებ, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებაო. მისი ნათქვამი საერთოდ არ მახსოვს, დედის მიერ გადმოცემულს ვიწერ სიტყვა-სიტყვით, რომ ფურცელზე შევინახო. ის, რომ დედაჩემია, თვითონ მითხრა.

”წერისას ფანქარი გადაგივარდა, ამდგარს კი უცნაური მზერა გქონდა. მიყურებდი და არ მამჩნევდი. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და ტელევიზორის ყურება განვაგრძე. 10 წუთი შენს შუშის თვალებს ვუძლებდი. დაგიძახე, მაგრამ რეაქცია არ გქონდა. სად წახვედი?”

ფანქარი…შუშის თვალები…სად წახვედი? ვინ? მე?

სავარაუდო ვერსიის თანახმად, საგვარეულო დეპრესიის ხანაში, როცა ღამის კოშმარებს უძილობით ვმკურნალობდი, სურვილი წამოვროშე. მომინდა, ყველა ეს საშინელი ზმანება ერთ ფოლდერში შემეყარა და ერთიანად წამეშალა, ერთი დაწკაპუნებით. ”ყოველთვის ქარში ისროდი სურვილებს და ჰოპ, აგიხდაო”,მეუბნება ქალი, რომელიც დედაჩემია, მაგრამ შეიძლება, დედაჩემი არც იყოს, რადგან არ მახსოვს.

კოსმოსმა ჩემი სურვილი გაითვალისწინა, მაგრამ არასწორად გაიგო. მგონი, ენერგიის გადამცემ ტალღებს შეცდომა მოსვლიათ ან სერვერმა გაუჭედათ, თუმცა ჩანაფიქრი უფრო ფართო ასპარეზზე გავიდა და საზღვერბსაც გასცდა.

ერთი წაკუზება-ამოკუზება საკმარისი აღმოჩნდა, რათა კოშმარებს კი არა, მეხსიერებას დავმშვიდობებოდი.შეკითხვაზე, რა რეაქცია მქონდა მის პრობლემამიმხვდარ ოხვრა-ვაებაზე, ქალი, რომელიც დედაჩემია, მაგრამ ჯერ კიდე ეჭვი მეპარება, მპასუხობს, არანაირიო.

არც ახლა ვგრძნობ რამე კონკრეტულს. კაი, ოდნავ გაღიზიანებული ვარ. ქალი, რომელიც დედაჩემია, ნერვებს მიშლის, მაგრამ მჭირდება. რომ მიმატოვოს, მის გარეშე სხვა წყაროებს ვერ მივაგნებ. რვეულის ფურცლები გაუვსებელი დამრჩება, ძიების ვექტორს დავკარგავ და პირველყოფილ სურათს ვერ აღვადგენ. ნუთუ, ჩემს წარსულში მხოლოდ ეს ქალი ფიგურირებდა? იქნებ, არც არსებობდა? სხვა ვინმეს ვიცნობდი?

ექიმის მინაწერიდან ვიცი, რომ ჩემი მეხსიერების ლიმიტი ერთი დღით შემოიფარგლება. ხვალიდან ხელახლა მომიწევს გავეცნო საკუთარ თავს, აღვიქვა ჩემი ვიზუალი, ორგანიზმის თავისებურებანი, გავარკვიო, სად ვარ და რა მჭირს. უარესი სცენარით, ვერ მივაგნებ დრევანდელ ჩანაწერებს, რადგან მათი ადგილსამყოფელთან არსებული ინფორმაცია ჩემმა მეხსიერებამ ვერ დაასეივა.

უკვე დავკარგე ბლოკნოტი, რომელსაც კვირების განმავლობაში ვავსებდი. წარსულთან მცირეოდენი კავშირი რომ შემენარჩუნებინა, ქალმა, რომელიც დედაჩემია, წელზე თოკი მიმაბა, მასზე კი პატარა ბლოკნოტი ჩამოკიდა. თუ სხვები დილ-დილაობით სტატუსების კითხვით იტვირთებიან, მე გუშინდელ ჩანაწერებს უნდა გადავავლო თვალი. იქნებ, ძველი მგრძნობელობაც დამიბრუნდეს და ყოველდღიური დიქტანტი აღარ იყოს საჭირო ამნეზიის დასაძლევად.

შემორჩენილი ეჭვი მლანძღავს, რომ ტყუილად მოვინდომე ძველი მეხსიერების აღდგენა. რა საჭიროა ბავშვობისდროინდელი მოგონებების გახსენება? დიდია შანსი, რომ სისტემა error-ს ამომიგდებს და მივიწყებული ვირუსები, ღამის კოშმარების სახით, მწყობრიდან გამომიყვანებენ.

დავთანხმდები და ჩემს ცდას აზრი აღარ ექნება, გავაგრძელებ და თვიტონ ვიქნები პასუხისმგებელი მიღებულ შოკებზე, არავინ არ დამიცავს.

ამასობაში, ქალი, რომელიც დედაჩემია, და მართლაც, შეიძლება ასე იყოს, რადგან სარკეში შევამჩნიე, რომ ერთნაირი ყურის ბიბილოები გვაქვს, ტექსტს მკარნახობს.

ხვალინდელ მეს: მე მაკა ვარ.

20 წლის.

ცოტა ხნით მეხსიერება დავკარგე.

ანა მებურიშვილი

 

 

 

(Visited 74 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*