რესპუბლიკური პარტიის წევრმა და ჩრდილოეთი კაროლინას ლეიტენანტ-გუბერნატორმა დენ ფორესტმა შტატის უმაღლესი სასწავლებლების მართვის პოლიტიკაში ახალი ზომების მიღება შესთავაზა: ყველა იმ პირის დასჯა, რომლებიც ზღუდავენ სხვა ადამიანების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საუნივერსიტეტო კამპუსში. ჩრდილოეთ კაროლინა რიგით მეშვიდე შტატია, რომლის ადმინისტრაცია აქტიურად განიხილავს ამ საკითხს. გამომწვევ მიზეზად სახელდება 2015 წლის ბოლოს ამერიკულ მედიაში აგორებული დისკუსია, სადაც ყველა: ჟურნალისტებიდან და მასწავლებლებით დაწყებული, პუბლიცისტებითა და პოლიტიკოსებით დამთავრებული, მსჯელობდნენ იმაზე, თუ რატომ შემცირდა სივრცე გამოხატვის თავისუფლებისთვის ამერიკულ უნივერსიტეტებში.
ოჯახური გარემო ინტელექტუალური სივრცის წინააღმდეგ
ყველაფერი დაიწყო 2015 წლის 28 ოქტომბერს. იელის დეკანმა ბარგველ ჰოვარდმა შიდასაუნივერსიტეტო ქსელით გაავრცელა წერილი, რომელშიც სთხოვდა სტუდენტებს, კარგად დაფიქრებულიყვნენ თავიანთ საჰელოუინო კოსტუმებზე. დეკანმა ხაზი გაუსვა, რომ იელის უნივერსიტეტში დიდად აფასებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ასევე უფრთხილდებიან ინკლუზიურობასაც, და საწყენი იქნებოდა, თუ ვინმე თავისი ჩაცმულობით შეურაცჰყოფდა კონკრეტული რასის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის წარმომადგენლებს. ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ წერილი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა, მაგრამ ფორმითაცა და შინაარსით ის წარმოადგენდა გრძელ და ვრცელ ტექსტს, სადაც განიხილებოდა “შეუფერებელი და მისაღები“ კოსტუმები. გარდა ამისა, ახსნილი იყო, რომ თავი უნდა შეიკავონ ჩალმებისგან, ბულბულებიანი ლენტებისგან, შავი თუ წითელი გრიმისგან და სამხედრო მოხატულობისგან; წერილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 13 წარმომადგენლის ხელმოწერით მთავრდებოდა. ორი დღის შემდეგ საბავშვო განათლების სპეციალისტმა და ლექტორმა ერიკა ქრისტაკისმა საპასუხო წერილი გაუგზავნა დეკანსა და სტუდენტებს, სადაც ეწერა: “პროვოკატორი არ ვარ უბრალოდ მაინტერესებს: ნუთუ სტუდენტებს აღარ შეუძლიათ იყვნენ ცოტა უსიამოვნონი, ცოტა გამომწვევები და ცოტათი შეურაცჰმყოფლები? ვისი საქმეა, თუ რა კოსტუმებს ჩაიცვამენ ახალგაზრდები? ჩემი საქმე ნამდვილად არაა და ეს ვიცი.“ წერილში მან ასევე მოიყვანა თავისი ქმრის, ნიკოლასის სიტყვები: ის დარწმუნებულია, რომ კონტროლის მსგავსი ფორმები სტუდენტთა შეგნების ინფანტილიზაციას გამოიწვევს. მან შესთავაზა უბრალოდ არ მიაქციონ ყურადღება შეურაცჰმყოფელ ნივთებს, თუკი მსგავსი რამ შეხვდება, უბრალოდ განიხილონ იმ ადამიანთან. წერილის გაგზავნის შემდეგ ერიკას წინააღმეგ საპროტესტო ტალღა აგორდა. სტუდენტებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მის გასათავისუფლებლად, სწერდნენ შეურაცჰმყოფელ და მუქარის შემცველ წერილებს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტში დაწყებულმა სტუდენტურმა პროტესტმა “ოფლაინ” რეჟიმში (არა ქსელურ რეჟიმში) გადაინაცვლა: თითქმის 700-მა ადამიანმა ღია წერილს მოაწერა ხელი. 5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო (www.youtube.com/watch), სადაც აფროამერიკელი სტუდენტი ნიკოლას ქრისტაკისს ეჩხუბებოდა. გოგონა ამტკიცებდა, რომ ლექტორის მთავარი მოვალეობა იყო ოჯახური გარემოს შექმნა. პროფესორი ერთი საათის განმავლობაში უხსნიდა სტუდენტებს თავის პოზიციას. ვიდეო მწერალმა და იურისტმა გრეგ ლუკიანოფმა გადაიღო, რომელმაც 2015 წლის სექტემბერში The Atlantic-ში დაწერა დიდი სტატია (www.theatlantic.com) ამავე თემაზე – The Coddling of the American Mind, იმაზე თუ როგორ ანადგურებენ სტუდენტები განათლებასა და საკუთარ ფსიქიკას, რათა თავი შორს დაიჭირონ უსიამოვნო სიტყვებისა და იდეებისგან. ტექსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იელის ადმინისტრაცია დიდი ხანი არ ეხმაურებოდა კონკრეტულ ფაქტს. რამდენიმე პროფესორმა ხელმოწერები შეაგროვა ქრისტაკისების ოჯახის დასაცავად, მაგრამ 7 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ერიკა ქრისტაკისმა თავისი ნებით დატოვა სასწავლებელი, ხოლო მისმა ქმარმა ერთი სემესტრით შვებულებაში გავიდა. ადმინისტრაციამ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. როგორც განცხადებასია ნათქვამი, ხელმძღვანელობა სწუხს ერიკას წასვლის გამო და მის დაბრუნებას იმედოვნებს, რადგან იელში “გამოხატვის სამეცნიერო კვლევის თავისუფლება არის ფუნდამენტური პრინციპი“.
ქრისტაკისის წასვლამდე ერთი თვით ადრე, როცა მიტინგები აქტიურად იმართებოდა, იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიხსნა “სიტყვის თავისუფლების მომავალთან დაკავშირებული საკითხების მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია : უმაღლეს განათლებასა და მის გარეთ არსებული საფრთხეები“. 9 ნოემბერს საკონცერტო დარბაზის დერეფანში, სადაც ღონისძიება იმართებოდა, შეიკრიბა სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სკანდირებდა: “გენოციდი ხუმრობა არაა“. შემდგომში პროტესტის მონაწილე დარბაზში შეიჭრა და პოსტერების გაკვრა დაიწყო. როცა მომხსენებლები და დამსწრე საზოგადოება შენობას ტოვებდნენ, მათ იგივე აქტივისტები დახვდნენ, რომლებიც აფურთხებდნენ და რასისტებს ეძახდნენ. (www.cnsnews.com).
მიკროაგრესიისგან დაცული ზონები
პროგრესულად მოაზროვნე ამერიკელი სტუდენტების (და არა მარტო) მოლოდინები და წარმოდგენები სამ ღერძზე დგას. პირველი მათგანია safe spaces ანუ დაცული ზონები. პირველ დაცულ ზონებად შეიძლება ჩაითვალოს 60-იანი წლების გეი-ბარები. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი დაცული იყვნენ ჰომოფობიური აგრესიისგან. უნივერსიტეტებში safe spaces-ებს იგივე დანიშნულება აქვთ, ოღონდ ის სცდება მხოლოდ ლგბტ/ქვიარ-კატეგორიის პირთა დაცვას და ვრცელდება ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებზე. აღნიშნულ სივრცეებში მიღებულია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სიძულვილის ენისადმი და სიძულვილით მოტივირებული ქცევისადმი. ეს კონცეფცია თანდათან ხორციელდებოდა 2010 წლიდან სტუდენტური საზოგადოებებისა და ადმინისტრაციების მიერ. თავიდან ეს იყო მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიები, მაგრამ ეტაპობრივად ისინი გაფართოვდა და მთელი კამპუსი მოიცვა. ბოლო დროს უკვე ვრცელდება ტექსტები (post.com), თუ როგორ ეძებენ სტუდენტები სასწავლებელს დაცული ზონების გარეშე.
მეორე ღერძს წარმოადგენს ე.წ. trigger warnings. ტრიგერის მნიშვნელობა ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს და ნიშნავს კომუნიკაციურ და ფიზიკურ სიმბოლოს, ჟესტს ან ნიშანს, რომელიც ადამიანში იწვევს ტრავმატულ მოგონებებს ან პანიკურ შეტევებს. გამაფრთხილებელი ტრიგერები ფემინისტური ფორუმებიდან წამოვიდა. იქ ძალადობის თეორიულ მსხვერპლებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ მომდევნო ტექსტი სავარაუდოდ შეიცავდა ტრავმატული მოგონებების გამომწვევ ვიზუალურ ან სხვა სახის ინფორმაციას. ამერიკული მედიის ცნობით, უნივერსიტეტებში ტრიგერების გამოყენება 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა 2015 წლისთვის, უნივერსიტეტის პროფესორთა გამოკითხვის მიხედვით, მათგან მხოლოდ 1 %-ს ოფიციალურად ავალდებულებენ ტრიგერების გამოყენებას სასწავლო პროგრამაში, თუმცა სტუდენტთა რაოდენობა, ვინც ითხოვს და იბრძვის მათი შემოღებისთვის ბევრად მეტია – 15% და 8 %. პოტენციურად ტრავმატული ინფორმაციის შესახებ გაფრთხილებსთანავე, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, აუდიტორია დატოვონ. თვითონ მოსწავლეებიც ჩაერთვნენ “სახიფათო წიგნების“ გამოვლენაში. მაგალითად, მათ შორის მოხვდა ოვიდიუსი კოლუმბიის უნივერსიტეტში გაუპატიურების სცენების გამო, ასევე ფიცჯერალდის “დიდი გეტსბი“ და ვირჯინია ვულფის “მისის დოლოუეი“ რატგერსის უნივერსიტეტში.
აღინიშნება (nypost.com), რომ გამაფრთხილებელმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს შიში ჯანმრთელ სტუდენტებში რომელიმე მოვლენისადმი, ასევე გაფრთხილება ტრიგერის შესახებ თავის თავად ტრიგერია. საქმე აბსურდამდე მიდის: ბრანდეის უნივერსიტეტში უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტმა გადაწყვიტა ინსტალაციის გაკეთება, რათა ყურადღება გაამახვილოს ტრავმატული მოგონებების პრობლემას აზიელ მოსწავლეებში. მისმა კურსელებმა მსგავსი წარმოდგენა მიუღებლად ჩათვალეს, რადგან, მათი აზრით, ფსიქოლოგიური ტრავმის განახლებას შეუწყობდა ხელს. ბოლოს და ბოლოს ინსტალაცია მოხსნეს. საკვირველია, როგორ გაჩნდა მსგავსი სისტემა უნივერსიტეტებში: ფსიქოლოგიის ფუნდამენტური პრინციპების მიხედვით, პანიკური აშლილობების მქონე პირთა დახმარება შეშფოთების მიზეზის თავის არიდების გზით არალოგიკური და სახიფათოა (en.wikipedia.org).
მესამეღერძს მიკროაგრესია ჰქვია. ამაში იგულისხმება ყველა ლატენტური აგრესიის სპონტანური აქტი, რომელიც სუბიექტს შეურაცჰყოფს და მორალურ ზიანს აყენებს. მაგალითად, ზოგიერთი სასწავლებლის სამეტყველო კოდექსის მიხედვით, აგრესიის გამოვლინებაა, თუკი აზიური, აფრიკული, ლათინოამერიკული შესახედაობის მქონე ადამიანს ვკითხავთ “სად დაიბადე?“, რადგან ეჭვქვეშ ვაყენებთ განსხვავებული გარეგნობის ადამიანის დაბადებას აშშ-ში. მიკროაგრესია ყველაზე რთულადკოდიფიცირებული მოვლენაა ამ სამიდან, მასში შეიძლება შედიოდეს ყველაზე უმნიშვნელო ქმედებაც კი: ყველაფერი აგრესიის ადრესატზეა დამოკიდებული, რამდენად შეურაცჰყოფილად იგრძნობს თავს ამა თუ იმ სიტუაციაში.
უნივერსიტეტებში კომფორტული გარემოს შექმნის სისტემა ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანის ფსიქიკა, ამ შემთხვევასი, სტუდენტთა ფსიქიკა, ძალზედ ფაქიზია და ის ადვილად აღიქვამს აგრესიის ნებისმიერ ფორმას.
თუმცა, ჟურნალისტებისა და ექსპერტთა, ასევე მასწავლებელთა ნაწილის აზრით, მსგავსი პოლიტიკის მიღება ნეგატიურად აისახება განათლებასა და ადამიანთაშორის კომუნიკაციაზე, ცალკე განსახილველია მისი გავლენა სტუდენტთა ფსიქიკაზე: მარგინალური ჯგუფების წევრებში ვიქტიმიზაციის წახალისება ზრდის მათ ინტოლერანტულობას პლურალიზმის ნებისმიერი გამოვლინებისადმი, რომელიც მიუღებლად მიაჩნიათ. წყენისადმი წინასწარგანწყობა წარმოადგენს არა მარტო კომფორტის, არამედ პრივილეგიების სურვილსაც. როცა ოფიციალურ დონეზე ადამიანს აძლევენ ნებას ყველაფერზე განაწყენებული იყოს და აფრთხილებენ, რომ სიძულვილის ენა ყველა კუთხე-კუნჭულშია მიმომალული, ირთვება ფსიქოლოგიური მექანიზმი. მგსავსი წინასწარგანწყობა გამღიზიანებელთა ველს აფართოებს. გარდა ამისა, აგრესიისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა უპირატესობის გრძნობას აღვივებს, რომ მათი შეურაცჰყოფა დაუშვებელია. მაგრამ, რადგან დისკუსია ძირითადად ეხება უმცირესობებს, მსგავსი უფლება კონკრეტულად უმცირესობებისთვის განკუთვნილი ხდება. ამ ფენომენს პოზიტიურ დისკრიმინაციას უწოდებენ.
ადამიანური მსხვერპლი
იელის უნივერსიტეტის მაგალითი ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მასშტაბურ მსჯელობას არ გამოიწვევდა. 2015 წლის ოქტომბრის ნახევარში კალიფორნიისა და ლოს-ანჯელესის სტუდენტების ნაწილმა მოითხოვა ადგილზევე დაესაჯათ მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელთა ქცევა დამამცირებლად მოეჩვენათ. წყენის საბაბი გახდა დახურული თემატური ივენთი Kanye Western, რომლის მონაწილეები გამოეწყვნენ კანიე ვესტისა და მისი მეუღლის გამაშარჟებელ კოსტუმებში. აფროამერიკელი აქტივისტების აზრით, მსგავსი საქციელი შეურაცჰყოფას აყენებდა მათს კულტურას და ავრცელებდა რასობრივ სტერეოტიპებს. “ჩაჩაჩული და ტომრისებული ჯინსები, რომლებსაც სტუდენტები იცვამდნენ საღამოზე, წარმოადგენს ერთ-ერთ დამკვიდრებულ სტერეოტიპს აფროამერიკულ სტილზე. რასობრივი ქვეტექსტები, რომლებიც ამ ჩაცმის სტილს უკავშირდება, მისი მითვისება არფოამერიკელ სტუდენტებს ორმაგ შეურაცჰყოფას გვაყენებს“, – წერს UCLA-ის სტუდენტი ქალებ ჯექსონი.
ნოემბრის ბოლოს პრინსტონის სტუდენტებმა მოითხოვეს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სახელის გადარქმევას. უხერხულობა გამოიწვია აშშ-ის 28-ე პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა, რომელიც თავისი რასისტული პოლიტიკით იყო ცნობილი.
2015 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში დაიწყო კამპანია Rhodes Must Fall. აქტივისტები ითხოვენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ტერიტორიიდან (კერძოდ, ორიელის კოლეჯიდან) ბრიტანელი ბიზნესმენის, სამხრეთ აფრიკაში ინგლისური კოლონიალური ექსპანსიის ინიციატორის სესილ როდსის ძეგლის ამოღებას. 2016 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კოლეჯის ადმინისტრაციამ დატოვა ქანდაკება, რადგან ის გამოხატავს კოლონიალიზმის მემკვიდრეობასა და ისტორიის არაერთგვაროვნებას.
ამერიკელ სტუდენტთა გამოსვლები სიტყვის გამოხატვის შეზღუდვისთვის შობს ახალ ფენომენს – ვიქტიმიზაციის კულტურას. ესაა ავტორიტეტული სოციოლოგების მიერ აღიარებული გავრცელებული მოვლენა. უხეშად რომ ვთქვათ, ესაა მუდვიმი განაწყენებულობის, მიკროაგრესიის ჰიპერმგრძნობელობის მდგომარეობა. ამ ფენომენთან ერთად აქტუალურია catastrophic rhetoric (სტენფორდის ფსიქიატრიის პროფესორის, დევიდ ბერნსის წიგნის განმარტებიდან). ამ ტერმინთან ახლოსაა «fortune-telling», რომელიც ნიშნავს გაგონილი ან დაწერილისგან მიღებული უარყოფითი ეფექტის მიზამნიმართულ ჰიპერბოლიზაციას. “კატასტროფიზაციის რიტორიკას“ შეუძლია აბსურდული ფორმები მიიღოს. მაგალითად, წინა წელს ნიუ-ჯერსიში ბერგენის კოლეჯის ადმინისტრაციამ შეაჩერა პროფესორ ფრენსის შმიდტის მოღვაწეობა. გათავისუფლების საბაბი გახდა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებული შმიდტის ქალიშვილის ფოტო, რომელსაც ეცვა მაისური “სამეფო კარის თამაშების“ გმირის დეინერის ტარგარიენის ციტატით “ I will take what’s mine with fire and blood“. ხელმძღვანელობამ წარწერა მუქარად ჩათვალა კამპუსის მიმართ. მათი აზრით, “ცეცხლში“ მოიაზრებოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
ვიქტიმიზაციის კულტურა შედარებით ახალი ფენომენია, თუმცა უკვე შესამჩნევია მისი გავლენა მომდევნო თაობის ამერიკელებისა და ბრიტანელების ფსიქიკაზე, მათს ქცევის მახასიათებლებზე. ასეთი კულტურა მაქსიმალურად არატოლერანტულია კომპრომისებისადმი, მისი აზრი დევს მსხვერპლის სუბიექტივიზაციაში, რომელიც აყალიბებს გადაწყვეტილებების მიღებისა და საზოგადოებაში მოქცევის მექანიზმებს. გარდა ამისა, ახალი ფენომენით ნაკარნახევი ქცევის მოდელი ადამიანს უკეტავს კრიტიკის აღქმისა და არგუმენტიზაციის უნარს, აჯერებს მას, რომ ის ერთდროულად მარგინალურ და პრივილიგირებულ მდგომარეობაში იმყოფება.
პროტესტის ფორმები
2015 წლის ნოემბერში ლონდონის გოლდსმიტის კოლეჯში ატეისტების, სეკულარისტებისა და ჰუმანისტების საზოგადოებამ (ASH) ლექციის წასაკითხად დაპატიჟა ექს-მაჰმადიანთა კრების წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ფემინისტი, სეკულარიზმის მხარდამჭერი და ისლამურ ექსტრემიზთან მებრძოლი მარიამ ნამაზი. მას სთხოვეს, გაეკეთებინა მოხსენება მკრეხელობასა და რწმენის უარყოფაზე ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ის) ეპოქაში. Ash-მა წინასწარ გააფრთხილა ისლამური სტუდენტური საზოგადოება (ISOC) დაგეგმილი გამოსვლის შესახებ. მათ მკვეთრად უარყოფითი პასუხი გამოხატეს, რადგან ISOC-ის აზრით, ნამაზი უზღუდავდა მათ უფლებას დაცულ სივრცეზე, ასევე, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ირანელი აქტივისტი ისლამოფობიურ თეზისებს გამოიყენებდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მაინც გადაწყვიტეს ლექციის ჩატარება. სრულ ვიდეოზე (www.youtube.com), რომელიც იუთუბზე დევს, ჩანს, როგორ ცდილობს ISOC Brothers-ის წევრები ნამაზის ლექციის ჩაშლას. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, როგორ იყენებენ სტუდენტთა ფსიქოლოგიური დაცვის პოლიტიკას ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც არ იზიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს (ISOC-ი იწვევდა hate-speakers-ებს, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა ცემისა და ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციის იდეებით).
ბოლოს და ბოლოს არატოლერანტულობის კულტურა მიკროაგრესიისადმი, დაცული სივრცეების და ტრავმატული ტრიგერების პოლიტიკა აგებულია ზოგიერთი თემის მიჩუმათების ხარჯზე, მათი სავარაუდო შეურაცჰმყოფელი ხასიათის გამო. ეს პოლიტიკა უარყოფს დისკუსიას, რადგან “პოტენციურ მსხვერპლს“ შეუძლია დაბლოკოს ოპონენტის არასასურველი არგუმენტი, რადგან მის გაღიზიანებას იწვევს.
წყარო: furfur.me
ანა მებურიშვილი