dddაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (СEB) სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა (Vitomir Miles Raguz) ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.

შეთანხმებების ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, საიდანაც 14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი.

აღნიშნული რესურსი, რომელსაც, ასევე, ემატება 2 მოლიონი ევროს ღირებულების საქართველოს თანამონაწილეობა, შესაძლებლობას გვაძლევს განხორციელდეს თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგთა სამუშაო პირობები.

პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი; გაუმჯობესდება შერჩეული/გარემონტებული სკოლების მდგრადობა; შემცირდება თბილისის სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ; სულ მცირე 40%-ით შემცირდება ენერგიის მოხმარება შენობებში.

ეს არის პირველი პროექტი, რომელიც СEB-ის დაფინანსებით განხორციელდება საჯარო სექტორში, ხოლო მეორე პროექტი, რომელიც E5P-ს თანადაფინანსებით განხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში, E5P-ის ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფილი გრანტით, მიმდინარეობს თბილისის ავტოპარკის განახლება.

აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შალუტაშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ფონდის კურატორი, მმართველი დირექტორი ალისტერ კლარკი.

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები