საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი გახლდათ 2017-2020 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში საზოგადოების ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფა. მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდნენ კოორდინაციის პრაქტიკულ დეტალებზე.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა დოკუმენტის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმდინარე დიალოგი და მათი აქტიური ჩართულობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების დღის წესრიგის ირგვლივ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს, მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოებრივი აზრის და ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით.