„რა თქმა უნდა საკონსტიტუციო უმრავლესობას სჭირდება კონტროლი, თუმცა მაკონტროლებლად და მოდარაჯედ მე ამ პარტიას ვერ განვიხილავ. მათ არ აქვთ ამის მორალური უფლება, თუმცა ამომრჩეველს ყოველთვის აქვს უფლება ხელისუფლებას მიუთითოს თუ რამე არ მოსწონს“–ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „მაეტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ ისაუბრა.
ღიმილის მომგვრელია საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა დაგვაბალანსოს. ეს პოლიტიკური ძალა გვეუბნება, რომ არიან დემოკრატიის გარანტი. ეს კომიკურია და დიდი მეხსიერება არ სჭირდება მათი საქმიანობის გახსენებას.
ეს არის პირდაპირი მცდელობა და მოწოდება,რომ საზოგადოებამ მეორე ტურში ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ის ადამაინები არიან,რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს. ეს კამპანია არ ინიღბება, ყველასთვის ცნობილია. მეორე ტურში მათ პრაქტიკულად უიღბლო და უიმედო სიტუაცია აქვთ. თუ ვინმეს უნდა, რომ ქვეტექსტებით შენიღბოს თავისი პოზიცია, არ ინიღბება. 2008 წელს შუქი ქრებოდა უბნებზე ხმების დათვლის დროს. ამ გუნდის წარმომადგენელი, კოლექტიური სააკაშვილის წარმომადგენელი საუბრობს ჩვენი არჩევნების ხარისხზე. ადმინისტრაციული რესურსი რომ გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“, მეორე ტური არ გახდებოდა საჭირო. მინიმალური ობიექტურობაა საჭირო დაინახო რამდენად სამართლიანად ჩატარდა ეს არჩევნები.
მნიშვნელოვანია, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ხალხი ენდო, ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და იმდენი მანდატი, რამდენიც საჭირო იქნება გადაწყვეტილებების სწორად, მშვიდ ვითარებაში მიღებისთვის. თუ ჩვენ გვექნება მყარი ლეგიტიმაცია, ბევრად უფრო მალე მოხდება რეფორმების ასახვა რეალობაში. არამგონია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას პროვოკაციის რაიმე რესურსი დარჩა, თუმცა ჩვენ ვართ ფხიზლად, მობილიზებულები. ორივე ოლქში სადაც იყო ინციდენტებო, მოხდა პრევენცია. არსებობს დაზღვევა, რომ არავინ აღარ გაბედოს რაიმე ტიპის უკანონო ქმედება,“–განაცხადა ეკა ბესელიამ.
მანანა ღოღობერიძე