izoriaდედოფლისწყაროში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები თბილისში, დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში დაუყონებლივ გადმოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სიტუაციის გაცნობისა და დაშავებული სამხედროების მონახულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში დაბრუნდა და პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალი ექიმებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჯარისკაცების მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

ლევან იზორია სამხედროების ოჯახის წევრებს ექიმებთან ერთად გაესაუბრა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მინისტრმა დაშავებულების ოჯახის წევრებს განუცხადა, სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს სამხედროების მალე გამოჯანმრთელებისთვის და პირობა მისცა, რომ ხვალ ერთად შეძლებენ დაშავებული ჯარისკაცების მონახულებას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს მზად არის ფინანსურად და ყველა სხვა საშუალებით გვერდში დაუდგეს დაშავებულების ოჯახებს.

„ოპერატიული მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმითა და მყისიერი მოქმედებით შევინარჩუნეთ სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე. ჯანდაცვის მინისტრიც ადგილზე ბრძანდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა მათი მდგომარეობა იყოს სტაბილური და სამხედროები ახლო მომავალში გამოჯანმრთელდნენ. ბატონი პრემიერ-მინისტრი მუდმივ კონტაქტზე იყო და აკონტროლებდა სიტუაციას. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს თანადგომისთვის. ჩვენ ვგრძნობდით ძალიან დიდ მხარდაჭერას და თანადგომას ჟურნალისტების, საზოგადოების მხრიდან. მინდა, თითოეულს მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ჰოსპიტალიზებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „დაშავებული სამხედროები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებენ. პირველადი გამოკვლევებით გამოკვეთილია დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ, ისინი მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციის განყოფილებაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამჟამად, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადის. ოთხი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგშია“ გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. „მინდა, სამძიმარი გამოვხატო დაღუპული ოჯახის მიმართ. ამ მძიმე წუთებში, ბუნებრივია, ვიქნებით ოჯახის გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დიდი ტკივილი შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

(Visited 26 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*