გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, შვეიცარიულმა კომპანიამ „GEOTEST“ დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს, ასევე შეიქმნა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ამასთან, შვეიცარიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სისტემის მიზანია, მოახდინოს ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ.