ბლოგიშენ ტარაკნებს წამლავდი იმ ღამეს, მერი…

ფრაზა იმედდაკარგული ლექსიდან.

***

-ბოლოს და ბოლოს, ამ ოხერი კრანის დაკეტვა რა ვერ ისწავლეთ?! კარგად ვიცი, გესმით. ხოდა, ყური დამიგდეთ, თქვე ვითომ ყრუებო! დაკეტეთ ეს დედააფეთქებული კრანი! თავს რომ იყრუებთ, იმათ გასაგონად ვამბობ, მეტი არ გამამეორებინოთ.

ქუსლების ბრაზიანი, გვერდებზე წონამომატებული კაკუნი ისმის. ნევროტიკი ლაურა წავიდა, მორჩა თავის მოხსენებას, რომელსაც ლურსმანივით გვირჭობს ყოველდღე. ყვირილს ეწირება ქალის არცთუ ახალგაზრდა იოგები, ასევე ჩემი და ჩემი მეზობლების ნერვული სისტემა. ტელეპატიურად ვთხოვ, დაწყნარდეს, მაგრამ ლაურას მქშინავი ხმის გაგონებიდან 10 წუთის შემდეგ, ჩემი შინაგანი მე ხვეწნიდან მუქარაზე გადადის. დაბოხებით, ისე, რომ ჩემს ყურებსაც არ ესმით, ვეუბნები: ”მოკეტე, თორემ…”. გაგრძელება განწყობის მიხედვით. თუ ლაურას წიკვინი ჩემს მენსტრუაციას დაემთხვა, ფანტაზია ქალის წამების საზარელ სურათებს ხატავს. სისხლიანი ნაკადის შემცირების პარალელურად ლაურას დასჯა უფრო ”ჰუმანური” ხდება.

***

– რაზე ფიქრობდი ლაურას ცეცხლისმფქვეველ გამოსვლამდე?

-ააა, არაფერზე.

-მაიცა, მთლად არაფერზე როგორ უნდა იფიქრო, გოგრა ხარ?

– როგორ ელაპარაკები შენს თავს?!

-აბა, რა ჰქვია, არაფერზე არ მიფიქრიაო?

-გოგრასი შეგრცხვეს, კარგად კი ჭამ.

-თავო, კაი, რა დაგემართა. უბრალოდ გკითხე, რატომ არ გეფიქრინება, საკითხავი მხოლოდ ეს არის.

***

სკოლაში ხშირად ვავსებდი ე.წ. ”მეგობრობის დღიურებს”. თავიდან მაგრად ვხალისობდი და გვერდზე ფარისევლურ გულებს მივახატავდი. ახლაც იმავეს ვშვრები, ამჯერად სხვა სივრცეში.

თანდათან ანკეტების შევსება რუტინად მექცა. მათი რაოდენობა მატულობდა, თუმცა ავტორთა ფანტაზია მოიკოჭლებდა. აღმოვჩნდი ტრაფარეტული კითხვების ლაბირინთში, სადაც შაბლონური პასუხების გაცემა მიწევდა. გვერდით მიხატული გულებიც ნელ-ნელა ტრაკს ემსგავსებოდა.

თუმცა სტანდარტს მორგებულ ანკეტებს შორის იყო ”გამონათებებიც”. ერთგან ასეთი კითხვა დამხვდა: კეისარი ერთდროულად სამ საქმეს აკეთებდა, შენ კი ახლა რა 3 სიტყვა გიტრიალებს თავში?” სულელურ კითხვას სულელური პასუხი მოჰყვა: ქონი, მუწუკი, ინძაგი.

დარწმუნებული ვარ, კეისარს სულაც არ აინტერესებდა ჩემი ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებები იმ მომენტში, არც იტალიის სერია ა-ს უყურებდა. ისე დაკლეს საწყალი იმპერატორი, ფეხბურთი რა იყო, ისიც ვერ გაიგო.

რა კარგად გათვალა ჩემმა კლასელმა, როცა ტრადიციული კითხვების ”ვინ მოგწონს სერიალი კლონიდან?” ან ”ვისთან მეგობრობ კლასში?” შემდეგ 3 სიტყვა დამაფქვევინა. მანიპულაციის მშვენიერი საშუალება გაუჩნდა.

გამოვტყდი. სულელ გოგოს სულელური კითხვით ჩამარხულ-შენახული ფიქრები ათქმევინეს.

შევეშვი ანკეტებს. არაა საჭირო, ერთმანეთის კომპლექსები ვიცოდეთ. რაც უფრო მეტს ვიგებთ ადამიანის სისუსტეზე,მით უფრო ვაწვებით მტკივნეულ ადგილს სიკვდილის ბუზებივით, დაე, ეტკინოს. დაახლოებით იგივეა, როცა ღიტინს უმატებ, როცა გეუბნებიან, როგორ არ სიამოვნებთ ან ეშინიათ.

შინაგან ტარაკნებს გარეული ტარაკანი დაესია. ახლა მიცოცავს მაგიდისკენ და საპურის აოხრებას გეგმავს. ვაბრახუნებ ფეხებით. ჩერდება, მიყურებს. ჯანდაბა, აუცილებლად უნდა მოვკლა.

პანიკას სიტყვები მოჰყვება. სამ-სამად მოდიან. უწყვეტი რიგები ალოგიკურ ტრიპტიხებს ქმნის. ეს მიედინება უწყვეტ ნაკადად, დაუსრულებლად.

ტარაკნები, ვაიებები, ბუტკო

ჯაგები, ჯუგები, სტრესი

გარდამოსვლა, წასვლა, არმოსვლა

ხანდახან თავს უნდა დავუჯერო და აღარაფერზე ფიქრს მივეჩვიო. ამასობაში წყალი ონკანიდან ისევ ჟონავს. ნევროტიკი ლაურას კონცერტი გარდაუვალია. ტარაკნებიც საიდან გაჩდნენ ამ ზამთარში? ახლა სდიე მოსაკლავად.

ანა მებურიშვილი

 

(Visited 155 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*