პოლიტიკურმა გავლენებმა, კულტურულმა თუ ისტორიულმა წარსულმა, საქართველოს ტერიტორიების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების ფარგლებში მოაქცია, რის გამოც დღეს ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმაა და არცთუ ისე, სახარბიელო მდგომარეობაშია.
ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ხახული, ტბეთი, ახტალა, ქობაირი, ჰნევანქი, ხუჯაბი, აქორის ეკლესია- ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქართული ეკლესია-მონასტრებისა, რომლებიც შველასა და მოვლა-პატრონობას საჭიროებენ. ფრესკების განადგურება, ძეგლებზე ქართული ხელნაწერების წაშლა თუ ვანდალიზმის სხვა ფაქტები ჩვენს მეხსიერებას ახლო წარსულიდან შემორჩა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, ქართულ მხარეს ყურადღების მოდუნების უფლებას არ აძლევს და მათთვის ისტორიული სახის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.
„თბილისი თაიმსი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მდგომარეობით დაინტერესდა. რა საფრთხეების წინაშე დგანან ისინი, რომელი მათგანის რესტავრაცია მიმდინარეობს და რა ფორმითაა ჩართული ქართული მხარე ძეგლთა რესტავრაცია-კონვერსაციის საქმეში, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე გვესაუბრა.
ბატონო გიორგი, როგორია ზოგადი სურათი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მართლმადიდებლური ტაძრებისა და ძირითადად რომელ ტერიტორიებზეა წარმოდგენილნი ისინი?
– ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები წარმოდგენილია ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში- თუქრეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. იმ ადგილებში, რომლებიც ისტორიულად საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენდა, ანდაც საქართველოს სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, და სადაც ქართველები შუა საუკუნეებში აარსებდნენ თავიანთ მონასტრებს. ამ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების რიცხვი საკმაოდ ბევრია, რაც ართულებს მათ მოვლა- პატრონობას.
შემიძლია ვთქვა, რომ ძეგლების საერთო მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ზოგიერთი ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობს, ზოგის დასრულდა, ზოგის კი მომავალში იგეგმება.
დღეისათვის რა საფრთხეებისა და პრობლემების წინაშე დგანან საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებში მოქცეული ტაძრები და რომელი მათგანის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამჟამად?
– ამ ეტაპზე თურქეთის რესპუბლიკაში იშხნის რესტავრაცია მიმდინარეობს, ხოლო სამომავლოდ ოშკის რესტავრაცია–კონვერსაცია იგეგმება. სასომხეთში ძალიან ბევრი ქართული კულტურული მემკვიდრების ძეგლია, რომელთაც, სომეხი მეცნიერები რატომღაც, მიაწერენ არა ქართულს, არამედ ამბობენ, რომ ქალკედონური სომხური ტაძრებია. მათ შორის ახტალა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსია. სომხეთში დღეს ქობაირის რესტავრაცია მიმდინარეობს, მათ მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც აბსოლიტურად დადებითად შეაფასა ქართულმა მხარემ.
გაჩერებულია ჰნევანქის რესტავრაცია უსახსრობის გამო.
აღდგენითი სამუშოებისას, შესაძლოა გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ მეზობელ სახელმწიფოებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის სურვილი და მზაობა დაიცვან ქართული ტაძრები. ყველა სახელმწიფო თავიანთი ფინანსებით აღადგენს მათ ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
ისევ და ისევ პრობლემა არის მოვლა-პატრონობა, საფრთხეში მყოფი ძეგლები ბევრია, სახელმწიფო კი ყველას ვერ წვდება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ხანძთის უნიკალური გუმბათი ჩამოიქცა… მოუვლელობა, ეს პრობლემა ყველა იმ რეგიონში დგას, სადაც ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. თუმცა, გამიზნული ნგრევა, ქართული წარწერების წაშლა არ ხდება, ადრე იყო რიგი შემთხვევები.
დღეს 21-ე სუკუნეში დადასტურებული ვანდალიზმის ფაქტები არ გვაქვს.
ბატონო გიორგი, აღნიშნეთ, რომ ყველა სახელმწიფო თავიანთი ფინანსებით ატარებს ქართული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაობს. რა კუთხით არის ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერვნული სააგენტო აღნიშნული ძეგლების გადარჩენის საქმეში?
– სარესტავრაციო პროექტებში ჩართვას თავად ვცდილობთ, ვუგზავნით შესაბამის ორგანოებს წერილს, რომ მოგვეცეს საშუალება ჩავიდეთ, ადგილზე შევაფასოთ კონკრეტული ძეგლის მგომარეობა, მათ მიერ შედგენილი პროექტი, ვაკეთებთ ანალიზს რაიმე უზუსტობა, შეუსაბამობა ხომ არ არის. ფაქტიურად, უმეტეს ცნობებს ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ ტურისტებად ჩასული ქართველები გვაწვდიან, თუმცაღა ჩვენც ხშირად გვიხდება მათი მონახულება. დიდ საქმეს აკეთებს თურქეთში საქართველოს საელჩო, თვით ელჩი ირ. კოპლატაძე და მისი მეუღლე ხელოვნებათმცოდნე ირ. გივიაშვილი, რომლებიც მუდამ ჩართულნი არიან ამ საქმეში.
სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ჩამოდიან სპეციალიტები, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში ვმსჯელობთ მეთოდურ საკითხებზე. გამადიდებელი შუშით ვუყურებთ ჩვენც და ისინიც იმ საქმიანობას, რასაც ტაძრების რესტავრაცია, მათ გადარჩენაზე ზრუნა ჰქვია.
მაგალითად, დასაწყისში, თურქეთში იშხნის რესტავრაციის დროს მიუხედვათ იმისა, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტი მისაღები იყო, არქეოლოგები არ იყვნენ ჩართულნი და მოუმზადებლად დაიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საეპისკოპოსო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, საინჟინრო საკითხები არ იყო გარკვეული. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნითა და კონსულტაციების შედეგად ბევრი რამ გამოსწორდა და ძალიან საინტერესო აღმოჩენებიც გვაქვს დღეს იშხანში.
არსებობს თუ არა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს დროულად გადაარჩინოს მათ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისე რომ შეინარჩუნონ მათი ისტორიული სახე?
– ჩვენს სახელმწიფოს მხოლოდ გარკვეული შეთანხმებების საშუალებებით შეუძლია იზრუნოს ქართული ტაძრების გადარჩენისთვის. სომხეთთან ამ მხრივ მჭიდრო ურთიერთობა გავქვს, საჭიროა დაიდოს თურქეთთან ხელშეკრულება, სადაც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის მოთხოვნები. ასეთი ხელშეკულება მასთან არ გვაქვს დადებული.
და, ბოლოს რას გვეტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ძეგლების მდგომარეობის შესახებ?
– აქ მდგომარეობა ძალიან რთულია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს უკანონო არქეოლოგიური გათხრები და სარესტავრაციო სამუშაოები.
უკანონოა, რადგანაც სამუშაოების ნებართვა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ არ არის გაცემული.
აფხაზეთში უკანონო სამუშაოებმა გამოუსწორებლად დააზიანა ილორის წმ. გიორგის ეკლესია (მე-11 ს.) – დაიკარგა ქართული ასომთავრული წარწერები, ეკლესიას დაადგეს რუსული ეკლესიების მსგავსი გუმბათი;
ბედიის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოს დროს ჩამოინგრა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ფრესკა და დადიანების საქტიტორო პორტრეტები;
დაზიანდა დრანდის ეკლესიის (მე-6 – მე-8 სს.) ინტერიერში არსებული ადრე შუა საუკუნეების ემბაზი, გაჩანაგდა არქეოლოგიური ნაშთები ეკლესიის ეზოში მიწის სამუშაოს დროს;
მიწის სამუშაოებმა დააზიანა ახალი ათონის სვიმონ კანანელის ეკლესიის ეზოში არსებული არტეფაქტები. მსგავსი მაგალითები ბევრია.
არაპროფესიონალური სამუშაოს შედეგად ზიანდება ცხინვალის რეგიონში არსებული ქართული კულტურის ძეგლები, აჩაბეთის ციხე და მის მახლობლად მდებარე ადრე შუა საუკუნეების ეკლესია.
საომარი მოქმედებების გამო დაინგრა თამარაშენის მაჩაბლების სახლის სვერის ხის ეკლესია, ხეითის მთავარანგელოზთა ტაძარი, ზიანდება თირის ეკლესია ლიახვის ხეობაში, ყანჩაეთის კაბენის, არმაზის ეკლესიები – ქსნის ხეობაში და მრავალი სხვ.
სოფიკო ნინიკაშვილი