ქართული ღვინის კომპანიებისა და მეღვინეების შესახებ „თბილისი თაიმსი“ საინტერესო სიახლეებს ხშირად გთავაზობთ. ამჯერად, პირველი ქართული ვისკის შესახებ მოგითხრობთ.
ვისკი JIMSHER ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიითა და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელია. ბაზარზე იგი მომავალ წელს თებერვლის თვეში გამოჩნდება და უკვე დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. კომპანიას პროდუქტის ანონსის შემდეგ, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე დაუკავშირდა. ქართული ვისკის წარმომადგენლების თქმით, ჯიმი ჩხაიძეს ვისკის დამზადების სურვილი ბოლო 10 წელი სულ ჰქონდა. ბრენდის ლოგოს ავტორი ყველასთვის ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლიაა.
„თბილისი თაიმსს“ პირველი ქართული ვისკისა და მისი ახალი ქართული სახეობების შესახებ, კომპანიის დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე ესაუბრა.
რატომ გადაწყდა ვისკის გამოშვება და როგორი იყო ბრენდის შექმნის ისტორია?
– დიდხანს ვამტკიცებდი, რომ გარდა ქართული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელებისა (ჭაჭა, ღვინო, ბრენდი), ვისკის შემთხვევაშიც შეგვეძლო უნიკალური სახეობების შექმნა.
მე და ჩემმა გუნდმა ბევრი შრომა და რესურსი ჩავდეთ ამ საქმეში. მოგეხსენებათ, ვისკი არის პროდუქტი, რომლის გამოშვებაც მარტივი არ არის. თუმცა, ქართული ღვინისადმი სიყვარულმა და მისი ყველა თვისების ცოდნამ, მომცა სტიმული და მიკარნახა ის ტექნიკა, რამაც ქართული ტექნოლოგიებით წარმოებული ვისკი შექმნა.
რა უპირატესობები აქვს ქართულ ვისკს და ვისკის დამზადების ფუნდამენტურ ტრადიციებთან ერთად, რა ახალ ნიუანსებს გვთავაზობს ვისკი JIMSHER?
– ეს პროდუქტი უნიკალური და განსაკუთრებულია თავისი ტექნოლოგიით. ქართული ვისკი, რომელიც საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგებით მზადდება. სასმელის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა.
ვისკის პრეზენტაციის დღეს,როგორ შეაფასებთ, რამდენად დიდია დაინტერესება და მოლოდინი?
– 3 ოქტომბერს, ქართული ვისკის „JIMSHER” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისიძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ქართული ვისკის გამოჩენამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც.
რამდენი სახეობის ვისკს შემოგვთავაზებთ?
– გვაქვს 4 სახეობის ვისკი, რომლებიც ამ სასმელის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას უნიკალური, ქართული აქცენტებით გვიყვებიან: From Saperavi Casks ; From Tsinandali Casks ; From Georgian Brandy Casks; From Bourbon Cask Finished In Qvevri;
ადგილობრივ ბაზარზე მინდა გკითხოთ,მოგეხსენებათ საქართველოში ღვინო და არაყი მეტად მოთხოვნადია, თქვენი აზრით, როგორი იქნება მომხმარებლის რეაქცია (მყიდველობითი) ახალ ქართულ პროდუქტზე?
– ეს არის პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასმელია. დარწმუნებული ვარ, ქართული ვისკისადმი ინტერესი დაგემოვნების შემდეგ უფრო გაიზრდება.
თქვენი სამომავლო გეგმები, თუ ფიქრობთ, პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას და სად?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული ვისკი ექსპორტზე აუცილებლად გავა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველა ბაზარზე წარსდგეს ქართული ვისკი „JIMSHER”.
ნათია კეკენაძე