news_381აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატს შეიყვანს.

როგორც უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის დათვლის პროცედურა დასრულებულია და ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმები ატვირთულია უსკო-ს ვებ-გვერდზე.

საკუთარი არჩევანი აჭარაში რეგისტრირებულმა 114 470 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09%-ს შეადგენს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2 614-ია.

აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.

ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ – 30.13%.

ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 71.51% ერგო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მამული სურმანიძეს – 28.49%.

ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 72.19% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ქენან კახიძემ კი – 27.81%.

ხულოს N73-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 დეპუტატი, ხოლო „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები