kvirikaSviliჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ, რათა აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა, რაც არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ. ეს პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა – მე მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, თქვენ ხმა მიეცით – თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის. მადლობა მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ პროცესებს. ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული; დიახ, დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები