საქართველომ მსოფლიო კარატეს სამყაროშიც გაითქვა სახელი. ამიტომაც ხშირად სტუმრობელ ჩვენს ქვეყანას მაღალი რანგის ოსტატები. ამჟამად თბილისს მსოფლიოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და შეფინსტრუქტორი, მეშვიდე დანის მფლობელი, ტეცუჯი ნაკამურა ეწვევა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის ინსტრუქტორს, მეორე დანის მფლობელს და მსოფლიო-ევროპის არაერთგზის ჩემპიონსა და პრიზიორს, გიორგი კვარაცხელიას ვესაუბრეთ.
გიორგი, მერამდენედ ჩამოდის დიდოსტატი ნაკამურა საქართველოში და რა სახის სემინარების ჩატარებას აპირებს?
– სენესეი ტეცუჯი ნაკამაურა მესამეჯერ ესტუმრება თბილისს. მისი სემინარები, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება თეორიულად და პრაქტიკულად. ასევე შესაძლებელია მიიღოს გამოცდები მაღალი რანგის დანებზე (შავი ქამრების) ხარისხებზე. ეს სემინარები განსხვავებული იქნება იმით, რომ როგორც პროფესიონალი კარატისტებისთვის, ასევე მოყვარულთათვის. სენსეის გაკვეთილებით შეუძლია ისარგებლონ მსურველებმა 4-6 ნოემბერს.
რას ნიშნავს მისი სემინარები კარატისტებისთვის და პირადად შენ რას იღებ?
– მოგახსენებთ, რომ სენსეი ნაკამურა იაპონიაში ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატია. ის მეშვიდე დანის მფლობელია და ატარებს სემინარებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნებში. რა თქმა უნდა, მის სემინარებზე დასწრება ბევრის მომცემია თითოეული პროფესიონალისთვის და მოყვარული კარატისტისთვის. მე მქონდა ბედნიერება, რომ მის სემინარებზე ვმდგარიყავი ორჯერ. მისი ყოველი სიტყვა, მოძრაობა, გაკვეთილი, ჩემთვის პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა და ოსტატობის დახვეწაა.
წელს საქართველომ გოჯუ რიუს ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა ბათუმში და ახლა კიდევ სენსეი ნაკამურას სტუმრობა. რა დამსახურებისთვის ამდენი?
– ჩვენი კარატეს სკოლა ფედერაცია ჩვენი სტილის მსოფლიო ფედერაციაში ერთ-ერთი ძლიერია, რასაც ადასტურებენ სპორტსმენები საკუთარი შედეგებით. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებების გამო ეს ფუფუნება გვერგო წილად. მინდა საამაყოდ ვთქვა, რომ ჩვენს მიერ ჩავატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა კონტაქტურ კარატეში საკმაოდ მარალი შეფასებები მიიღო ევროპა-მსოფლიო ფედერაციებიდან.
გიორგი, უახლოესი გეგმები რა იქნება?
– საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, სენსეი ლევან როგავა და მე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ათი დღით იაპონიაში გამგზავრებას, კონკრეტულად კუნძულ ოკინავაზე _ კარატეს სამშობლოში, მსოფლიოს ლეგენდარულ ოსტატთან, მეათე დანის მფლობელთან, შიხან მორიო ჰიგაონასთან. მასთან ვარჯიში ჩვენთვის კიდევ უფრო მეტის მომცემი იქნება და ოსტატობის ახალ, მაღალ საფეხურზე აგვიყვანს.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი