პრეზიდენტი მზად არის, ზოგადად ყველა პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკურ ლიდერთან საუბრისა და დიალოგისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის ფრთის ქვეშ თუ საფარქვეშ არ განიხილება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო, რაც ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიისთვის არის ძალიან სასარგებლო.
პრესსპიკერმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან პარტიების დატოვების შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკაში არსებული რეალობა არ არის სახარბიელო და თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე.
“ცუდია, რაც ხდება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა მნიშვნელოვანია. კონკრეტულ და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე პრეზიდენტი ვერ გააკეთებს კომენტარს. მას არაერთხელ აღუნიშნავს და ამაზე ჯერ კიდევ გასულ წელს საპარლამენტო გამოსვლის ფარგლებში საუბრობდა, რომ თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე. ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა არის საზოგადოების მდგრადობისთვის ძალიან აუცილებელი, ეს არის ევროპული დემოკრატიის საფუძველი და ეს უნდა იყოს და სავარაუდოდ არის კიდეც სახელმწიფო ინტერესებში“, -განაცხადა ეკა მიშველაძემ.