„მაშინდელი კონტროლის პალატის ხელმძღვანელს ჰქონდა დიდი აგარაკი წავკისში და ჩვენ ის უნდა შეგვესყიდა, შემდეგ კი სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაგვეცა. სამაგიეროდ უნდა გამოეშვათ სულხანი“. ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„მადლობას გადავუხდი მთავრობას, პროკურატურას, საპატრიარქოს. სულხანის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება ასეთ მოკლე ხანში თუ მოხდებოდა წარმოუდგენელი იყო. მაშინდელი ქალაქის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი დამიკავშირდა, დამალაპარაკა სულხანი ციხიდან და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა კონკრეტული აგარაკი, რომ გამართლებულიყო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები. ჩვენ შენობაც არ გვინახავს, დაგვიბარეს გარდაბნის ნოტარიუსში და გავაფორმეთ აგარაკი. ვინ იყო მფლობელი და რა ინტერესი ჰქონდა, ჩემთვის უცნობია. სულხანი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი მეუღლე დაჟინებით ითხოვდა.
შემდეგ მოხდა თანხების მობილიზაცია, ავიღეთ კრედიტი, მითითებული აგარაკი შევიძინეთ და ნახევარ საათში გადავუფორმეთ, ვაჩუქეთ სახელმწიფოს. როდესაც სულხანის აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეცვლილიყო, მიხეილ სააკაშვილი ლონდონში იმყოფებოდა. შალვა ნათელაშვილმა სწორედ ამ პერიოდში ლონდონში გადააგზავნა სულხან მოლაშვილის ნაწამები სურათები, როგორც შემდეგ გრიგალაშვილმა მითხრა ამან გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილი და ამის გამო ჩაიშალა შეთანხმება. მჯერა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან ყველასთვის აღდგება,“–განაცხადა მოლაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე