3 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულმა მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. შენობა, რომელზეც ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა უკვე ორი წელია დავობს ისტორიულად მეჩეთია თუ ნაეკლესიარი, არც ერთ მხარეს არ გადაეცემა, მის დაცულობაზე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იზრუნებს.
„სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. მუსლიმ თემზე შესთავაზებული იქნა ორი ვარიანტი ლოცვის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით: 1. სოფელში არსებული სამლოცველო შენობის მესაკუთრისგან გამოსყიდვა და მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა, 2. სოფლში ცენტრალურ ადგილას გამოიყოს მიწის ნაკვეთი მეჩეთის აშენებისათვის. რაც შეეხება ე.წ. სადაო შენობას. კომისიას მის კონფესიურ წარმომავლობასა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ მის სამომავლო დაცულობასთან დაკავშირებით.“- აღნიშნულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ოფიციალური განცხადებაში.
მოხეს კომისიის გადაწყვეტილებასა და მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და თვლის, რომ ის მოხეში მცხოვრები მუსლიმებისათვის შეურაცხმყოფელია.
შეთავაზებულ ვერსიებს კომისიის წევრი მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც დაეთანხმნენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება თავად ადგილობრივმა მუსლიმებმა უნდა მიიღონ. პორტალ „სამხრეთის კარიბჭესთნ“ საუბრისას მუსლიმთა ნაწილი ამბობს, რომ უმჯობესი იყო სადავო შენობა მათ გადასცემოდათ, თუმცა იმ პოზიციას დაეთანხმებიან, რასაც სახელმწიფო და სამუფთო სამმართველო გადაწყვეტს. მათთვის მთავარია გარეთ აღარ უწევდეთ ლოცვის აღვლენა. უპირატესობას კი ახალი სალოცავის აშენებას ანიჭებენ.
მართლმადიდებლური მხარისთვის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავო შენობისა და მუსლიმებისთვის შესათავაზებელი ვერსიების შესახებ მისაღებია. „საქართველოში არასდროს ყოფილა, რომ ვინმეს შეზღუდული ჰქონდეს ლოცვის უფლება. რაც შეეხება მრევლს, შევეცდებით რომ დაველაპარაკოთ, ავუხსნათ, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოსახლეობას. მათ დავეხმარებით მეგობრობაში, ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში“- აღნიშნა სხდომის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო –კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.
შეხვედრიდან გამოსულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ სააგენტო იღებს ვალდებულებას, მოამზადოს შენობის დაცულობისა და ფუნქციური დატვირთვის კონცეფცია. ხოლო რა ფუნქციით მოხდება შენობის გამოყნება ამაზე მომავალში იმსჯელებენ. ფაქტია, რომ შენობის რომელიმე კონფესიისთვის გადაცემის საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგება.
„თუ რა ფუნქცია ექნება შენობას, ამაზე ვიმსჯელებთ. შესაძლოა, იყოს კულტურულ–საგანმანათლებლო, თუმცა ყველაფერი ჯერ იდეის დონეზე. სააგენტო ისტორიულ კვლევას არ გეგმავს. კომისია შეთანხმდა, რომ რომ არც ერთ მხარეს არ გადაეცემა სადავო შენობა. ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა, უბრალოდ მომავალ ფუნქციაზე იქნება საუბარი და მის დაცულობაზე.“- ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ნკოლოზ ანთიძე.
კომისია მუშაობას აგრძელებს, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დააანონსა, მომავალი სხდომა ისევ ახალციხეში, პირველ დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
სოფიკო ნინიკაშვილი